Logo

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 3 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

რეგიონები
244
Frontnews image description

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 3 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

სოფელ ალასტანის, კოთელიისა და დადეშის საჯარო სკოლების განახლებულ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გაეცნო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და თანამშრომლებს შეხვდა და მათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.

გივი მიქანაძესთან ერთად სრულად რეაბილიტირებული სკოლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, ახალქალაქი-ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების დელეგატმა სამველ მანუკიანმა, ახალქალაქის მერმა მელქონ მაკარიანმა და ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანმა დაათვალიერეს.

ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად სამივე სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ამასთან, ფუნქციონირებს რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა.

სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის – მოწყობილია ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებულია სველი წერტილები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სკოლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები