“ალბათ, მოხდება ის, რომ ვირუსი ისევ მოგვიგებს ამ ბრძოლას”

ავტორი
Front News საქართველო
ექიმი კოტე მათითაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსი არსად გაქრება, თუკი ვაქცინაციას საქართველოს ყველა მოქალაქე არ ჩაიტარებს და ჯანდაცვის სამინისტრო ხალხის ინფორმირებულობის და სხვადასხვა მიმართულების თვალსაზრისით არ იაქტიურებს.
"ეკონომიკური კრიზისი მწვავდება, ეს ვირუსი არსად არ მიდის. ვაქცინაციის მიმართულებით, ჩემი აზრით, ძალიან პასიურია ქვეყანა და ჯანდაცვის სისტემა, როგორც ინფორმირებულობის, ასევე მოსახლეობის აქტიურობის თვალსაზრისით. ბუნებრივია, ასეთი პასიურობის ფონზე ვირუსი არსად არ გაქრება და ე.წ. მესამე ტალღაც შეიძლება იყოს, მეოთხეც და მეხუთეც. სანამ ჩვენ არ მივიღებთ ვაქცინაციის სრულ მომსახურებას სახელმწიფოს მხრიდან, სანამ არ ამაღლდება ადამიანების ცნობიერება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინა ვირუსთან ბრძოლაში, ჩვენ ეს ომი გვექნება წაგებული. ვხედავთ იმას, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს, შფოთი და ემოციებიც იზრდება, ისევ მოლოდინი გაჩნდა იმისა, რომ დაგვკეტავენ და ისევ ლოკდაუნი გამოცხადდება. ალბათ, ასეც მოხდება.
როცა ვაქცინაცია არასრულფასოვნად მიმდინარეობს, როცა ვაქცინების რაოდენობა ქვეყანაში არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ჩინური ვაქცინაა შემოტანილი, რომელიც ჯერ სარგებლობაში არ არის ჩაშვებული და ვერც გამოიყენებენ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნებართვა არ აქვს მიღებული; იმიტომ რომ ხალხის ცნობიერება არ არის მაღალი და ვერ ხვდება ადამიანი, ვაქცინა რამდენად მნიშვნელოვანია; იმიტომ რომ ჯანდაცვის სისტემა პასიურობს, ადამიანებს არ ეხმარება და არ აწვდის სათანადო და გაშლილ ინფორმაციას; იმიტომ რომ არ არის დადებული დასკვნები იმის შესახებ რაც მოხდა და რის გამო მოხდა; იმიტომ რომ კეთდება განცხადებები რაღაც შიშების და არასწორი მიმართულებების წახალისებისთვის, ადამიანებს ეშინიათ, ამიტომაც ალბათ, მოხდება ის, რომ ვირუსი ისევ მოგვიგებს ამ ბრძოლას"-განაცხადა კოტე მათითაშვილმა.
თაგები:





