ალეკო ელისაშვილი - მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისა და ძალადობისთვის, რაც ქვეყანაშიც არის

ავტორი
Front News საქართველო
მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისა და ძალადობისთვის, რაც ქვეყანაშიც არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურაც ხართ თქვენ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას არავის მოკვლა არ სურდა და იარაღიც სხვა მიზნით ჰქონდა თან.
"გეტყვით, რამ დამარტყა და რამ მიკბინა, რა მოხდა და რატომ ვარ აქ. მე მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის, რაც ქვეყანაშიც არის და რომლის განმახორციელებელი სტრუქტურაც ხართ თქვენ.
ვინმეს მოკვლა რომ მნდომებოდა, იმ მანდატურებიდან არავინ იქნებოდა ცოცხალი, კარგად ვფლობ იარაღს. აღტაცებული ვარ იმ პირველი მანდატურის სიმამაცით, ვენაცვალე კაცობაში, თავისი საქმე გააკეთა. მოვერიე კიდეც... მინდოდა თავი დამეღწია, ვერაფრით მოვიშორე, ტკიპასავით რომ ჩამაფრინდა, ვერაფრით მოვიშორე, ყოჩაღ! ჯერ კაცი ვარ, ქართველი და მერე ვარ ტერორისტი!
მე იქ მივედი უთენია, უზარმაზარი გზა გავიარე, ეს იყო წინასწარი გადაწყვეტილება, ყველაფერი ვიყიდე და მოვამზადე, ჩემს ცოლ-შვილს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი, თუმცა არ მიყვარს თევზაობა.
ვეღარ ვიტევდი ამ უსამართლობის ყურებას, როგორ დაათრევენ პატარა ბავშვებს კატებივით მანდატურები, მე თვითონ ვნახე ერთი პოლიციელი, როგორ სიამოვნებდა სისხლი რომ მდიოდა.
ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არაფერი დამიშავებია.
ერთი საათი ვამტვრევდი შუშებს, დავიტანჯე. ღობიდან გადავძვერი, ვფიქრობდი გადავიდე, არ გადავიდე-მეთქი, მერე ჩემს თავზე გავბრაზდი, როგორც არ უნდა შემეშინდეს, უკან როგორ დავიხიო მეთქი. შემოლაწუნება მინდოდა ყველასთვის, არ შევეგუები არასდროს, რაც ხდება.
კაბურაში მქონდა იარაღი, მაქვს ტარების უფლება წამოვიღე იმიტომ, რომ მე ისეთი მარშრუტი გამოვიარე, შეიძლება ტურებს შევეჭამე გზაში, პირდაპირ ვამბობ ამას... ვინმეზე თავდასხმა რომ მნდომებოდა ცოცხალი არავინ დარჩებოდა, მოგერიება მინდოდა.იარაღი ჯაჯგურში ამომივარდა, გამოყენებას არ ვაპირებდი.
პატივისცემას ვუდასტურებ მანდატურებს, ერთმა განსაკუთრებით მაგრად მცემა, არ ვამტყუნებ, თავის საქმეს აკეთებდა და თავის ტერიტორიას იცავდა, ნეტავ თავის საქმეს აკეთებდნენ და არა იმას, რასაც ყოველ დღე ვუყურებთ სასამართლოს დარბაზებში.
ჩემებს მინდა ბოდიში მოვუხადო, ასეთი ვარ, ერთი წელია, სული მეხუთება უსამართლობისგან. ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა.
ირაკლი, (კუპრაძეს) თუ ფიქრობთ, რომ საერთო საქმე დავაზიანე ბოდიში, ეგ განზრახვა არ მქონია ნამდვილად.
ერთი პოლიციელი "მეკაიფებოდა“, რომ ტონობით ფული მომცა ხაზარაძემ, მერე მოვიდნენ ჩხრეკაზე, ნახეს როგორც ვცხოვრობ. ერთადერთხელ ვთხოვე ფული და ისიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ბოლომდე, ცეცხლი უსამართლობას", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
საქმის განხილვა 22 იანვარს გაგრძელდება.
ალეკო ელისაშვილს გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა დილის 4 საათზე, ნიღბით, იარაღით, საბრძოლო მასალით და სხვა ნივთებით, ჩაქუჩით ჩაამსხვრია მინა და სასამართლოს შიდა სივრცეში შეაღწია, დაასხა აალებადი ნივთიერება და ხანძრის გაჩენა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


