Logo

ალეკო ცქიტიშვილი - არსებობს რესურსი იმისა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი შეინარჩუნოს ქართველმა ხალხმა

პოლიტიკა
215
Frontnews image description

ივანიშვილმა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაყუდა რუსული "პოლის ჯოხი" ყაველაშვილი და გვითხრა ხალხს, რომ ეს არის თქვენი პრეზიდენტიო, ასევე უნდათ სახალხო დამცველის ოფისშიც, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ლევან იოსელიანზეა ახლა დამოკიდებული, ჩაატარებს თუ არა სამსახურში რეორგანიზაციას.

"ჩვენ, უფლებადამცველ ორგანიზაციებს სახალხო დამცველისგან არ გვაქვს მოლოდინები იქიდან გამომდინარე, რომ ის წინა მოწვევის პარლამენტში აირჩია მმართველმა პარტიამ.

ივანიშვილის რეჟიმი ვერ გუობს ადამიანს, რომელსაც აქვს ოდნავ მაინც განსხვავებული აზრი. ივანიშვილმა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაყუდა რუსული "პოლის ჯოხი" ყაველაშვილი და გვითხრა ხალხს, რომ ეს არის თქვენი პრეზიდენტიო, ასევე უნდათ სახალხო დამცველის ოფისშიც, რომ დადონ ადამიანი, ხმა არ ამოიღოს და თქვან, რომ ეს არის სახალხო დამცველი. ლევან იოსელიანზეა ახლა დამოკიდებული, მოაწყობს რეპრესიებს თავის ოფისში წულუკიანის, ივანიშვილის კომისრის მითითებით და გაწმენდს კვალიფიციური კადრებისგან აპარატს და მოიყვანს რეჟიმის ერთგულ მსახურებს, თუ გააგრძელებს საქმიანობას ისე, რომ უფრო მეტად კრიტიკული გახდეს, გაითვალისწინოს ხალხის აზრი და დადგეს ისტორიის სწორ მხარეს და არა ამ რეჟიმის.

მე პირადად, ვხედავ გარკვეულ რესურსს, რომ სამომავლოდ მაინც ვერ შეძლონ ამ ინსტიტუტის საბოლოოდ ჩათრევა. 

მისასალმებელია, რომ ლევან იოსელიანმა არ გადადგა თავიდან ეს ნაბიჯი და არ ჩაატარა წმენდა, მას ეს შეეძლო ისე გაეკეთებინა როგორც წულუკიანმა ჩაატარა კულტურის სტრუქტურებში. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ გარკვეული დამოუკიდებლობის ნიშნები ამ ადამიანს აქვს და არსებობს რესურსი იმისა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი შეინარჩუნოს ქართველმა ხალხმა და სამომავლოდ უფრო მეტად კრიტიკული იყოს სახალხო დამცველი", - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, სადაც თეა წულუკიანმა მას აპარატში რეორგანიზაციაზე მიუთითა.

Advertisement