Logo

ალექსანდრე ჩივაძე - ჩემი იუბილეს ასე აღნიშვნისთვის ქართულ საზოგადოებას მადლობას ვუხდი

საზოგადოება
12 საათის წინ / 22:44
Frontnews image description

თბილისში, სასტუმრო „ვინდჰემ გრანდში“ ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელისა და თბილისის „დინამოს“ კაპიტნის ალექსანდრე ჩივაძის 70 წლის იუბილე აღინიშნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, თბილისის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ვეტერანი ფეხბურთელები.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სახელოვან კაპიტანს ორგანიზაციის სახელით ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის სპეციალური პრიზი გადასცა.

"ჩემი იუბილეს ასე აღნიშვნისთვის ქართულ საზოგადოებას მადლობას ვუხდი. სამწუხაროდ, დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან დიდი ფეხბურთელები და იმ მწვრთნელთა პლეადა, რომელთა გვერდითაც მნიშვნელოვანი წარმატებები მოვიპოვე.

70 წლის გავხდი და იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები დიდ სიხარულს მოგვიტანს. ძალიან ნიჭიერი თაობა გამოჩნდა და ჩვენ, ვეტერანებს, გვჯერა, რომ მათ დიდი წარმატება ელით“, – განაცხადა ალექსანდრე ჩივაძემ.

ალექსანდრე ჩივაძე თბილისის "დინამოს“ შემადგენლობაში გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და სამგზის ბრინჯაოს პრიზიორი. ორჯერ დაეუფლა საბჭოთა კავშირის თასს (1976, 1979).

ის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო 1981 წლის 13 მაისს, როცა თბილისის „დინამომ“ ისტორიაში ერთადერთი საერთაშორისო ტიტული – თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 1980 წელს ჩივაძე საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

1980-1987 წლებში ჩივაძე საბჭოთა კავშირის ნაკრებში თამაშობდა და ჩატარებულ 46 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. 26 მატჩში გუნდი მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა.

იგი მონაწილეობდა 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებში, ასევე ორ მსოფლიო ჩემპიონატში – 1982 წელს ესპანეთში და 1986 წელს მექსიკაში. ჩივაძე საყოველთაოდ მიიჩნევა ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად.

 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები