ალექსანდრე გოგორიშვილი - მჯერა, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამომიცხადებს ნდობას


ავტორი
Front News საქართველო
ამ რვა წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა გუნდმა, რომ მოსახლეობა კომფორტულად ყოფილიყო როგორც ინფრასტრუქტურული, ისე სოციალური კუთხით. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ჩვენთან, მერიაში შემოსულიყოს და რაიმეზე უარი გვეთქვას, ყველაფერში ხელს ვუწყობთ. მჯერა, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამომიცხადებს ნდობას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ვანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე გოგორიშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რვა წლის წინ, როდესაც მერის თანამდებობაზე აირჩიეს, მუნიციპალიტეტს ფაქტობრივად არ ჰქონდა საგზაო ინფრასტრუქტურა, ახლა კი, თითქმის ყველა სოფელში მიყვანილია გზა ცენტრამდე და ახლო მომავალში საუბნო გზების რეაბილიტაციაც დასრულდება.
"განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საგზაო ინფრასტრუქტურას, რომელიც, ფაქტობრივად, დანგრეული იყო და საერთოდ არ არსებობდა რაიონში. ამ რვა წლის განმავლობაში, დაახლოებით 250 კმ. საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო შიდა მუნიციპალურ გზებში. თითქმის ყველა სოფელში მიყვანილია გზა ცენტრამდე და არა მარტო ცენტრამდე - უკვე საუბნო გზებიც კი დამთავრდება მოკლე ხანში. ჩვენი ბიუჯეტის შედგენის დროს, უკვე წლებია, ყოველწლიურად იმატებს მოსახლეობის სოციალური კუთხით დახმარება, მიმდინარე წელს 19 პროექტი გვაქვს", - აღნიშნა გოგორიშვილმა.
ვანის მუნიციპალიტეტის მოქმედ მერს, მის მთავარ პროექტად გივი ყიფიანის სახეობის ტყე-პარკის სრული აღდგენა და რეაბილიტაცია მიაჩნია, რაც ტურისტულ პოტენციალს გაზრდის. ტყე-პარკის ტერიტორიაზე აღდგენილ ისტორიულ ციხესიმაგრეზე კი, გოგორიშვილი აცხადებს: "როგორც ისტორიკოსები გვეუბნებიან, ეს იყო სათვალთვალო კოშკი, რომლის მხოლოდ ნანგრევები იყო დარჩენილი. მთლიანად აღვადგინეთ და ჩვენი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია".
მისივე თქმით, მიმდინარე წელს დაიწყება საკანალიზაციო და წყლის სისტემის სამუშაოები, რაც ვანის მუნიციპალიტეტისთვის ისტორიული მნიშვნელობის იქნება.
"მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს დაიწყოს საკანალიზაციო და წყლის სისტემის სამუშაოები, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულებისაა. ეს არის მნიშვნელოვანი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არის ისტორიული ფაქტი, რადგან ვანს არასდროს ჰქონია საკანალიზაციო სისტემა და 24-საათიანი წყლის გრაფიკი. უკვე 2026 წლის ბოლოს, ეს სამუშაოებიც დასრულდება", - განაცხადა ალექსანდრე გოგორიშვილმა.
თაგები:
ალექსანდრე გოგორიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს