Logo

ალექსი პეტრიაშვილი - თუ ცეცხლი არ შეწყდა და შეთანხმება ვერ შედგა, ტრამპს აქვს საკმარისი საფუძველი, გააძლიეროს უკრაინის დახმარება

უკრაინაპოლიტიკა
4 საათის წინ / 22:02
Frontnews image description

პუტინი საერთაშორისო ასპარეზზე მარტო რჩება, ზელენსკის სტამბოლის სვლამ კრემლის თამაში ჩაშალა, - ამის შესახებ დიპლომატმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზელენსკის ზურგს უმაგრებს ევროპელი ლიდერების მტკიცე მხარდაჭერა.

“ვლადიმერ პუტინს უკვე აღარ გამოსდის ყველა აქტორის მის თამაშში ჩართვა. მისი მიზანი იყო აშშ-ის პრეზიდენტის ყურადღების მიპყრობა და პროცესის გაჭიანურება. თუმცა, ზელენსკის ნაბიჯმა და სტამბოლში ხუთშაბათისთვის შეხვედრის შეთავაზებამ ფაქტობრივად გაანეიტრალა პუტინის სტრატეგია.

ზელენსკის ზურგს უმაგრებს ევროპელი ლიდერების მტკიცე მხარდაჭერა - არა მხოლოდ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის, არამედ თურქეთის პრეზიდენტიც ღიად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს და არ აღიარებს მის ტერიტორიებზე რუსეთის მფლობელობას.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინის გარემოცვაში და რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებში იზრდება ეჭვი, დიდი ალბათობით, პუტინი ვერ შეძლებს სტამბოლში ჩასვლას და ზელენსკისთან შეხვედრას.

კრემლი ყველა ხერხს მიმართავს ევროპელი ლიდერების დისკრედიტაციისთვის, მაგრამ ნათელია, რომ პუტინის გეგმები მიმართული იყო იმისკენ, თითქოს მოლაპარაკებები დაიწყო, რაც განსაკუთრებით ტრამპთან ურთიერთობების ფონზე იყო გამიზნული.

არანაირი ნიშანია იმისა, რომ ეს მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. პირიქით, ახლა უკვე შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ პროცესები არ შემოიფარგლება მხოლოდ სანქციებით. საუბარია ორ მთავარ საკითხზე: აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ბოლო შეცვლილ რიტორიკაზე რუსეთთან მიმართებით და იმ უნდობლობის ტონზე, რომელიც ბოლო განცხადებებში გამოიკვეთა.

დონალდ ტრამპი დიდ იმედებს ამყარებდა პუტინთან მოლაპარაკებებზე და წარსულში წნეხი ძირითადად ზელენსკიზე იყო, მაგრამ დღეს ტრამპის პოზიცია რადიკალურად შეიცვალა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, თუ ცეცხლი არ შეწყდა და შეთანხმება ვერ შედგა, ტრამპს აქვს საკმარისი საფუძველი, გააძლიეროს უკრაინის დახმარება. ამას ემატება ზელენსკის მიერ ხელმოწერილი შეთანხმება იშვიათ მინერალებთან დაკავშირებით, რომელიც უკვე ძალაში შევიდა. შესაბამისად, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გახდება კიდევ უფრო მასშტაბური და მიზნად ექნება ომის დასრულება უკრაინის სასარგებლოდ”, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

11 მაისს ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე უარი თქვა უკრაინის, შეერთებული შტატების და ევროპელი ლიდერების ინიციატივის მიღებაზე 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ამის ნაცვლად, მან შესთავაზა სტამბოლში მოლაპარაკებების განახლება იმ წერტილიდან, სადაც ისინი 2022 წელს შეჩერდა.

მსოფლიო ლიდერების რეაქცია ამ წინადადებაზე ძირითადად კრიტიკული იყო - უმეტესობა დარწმუნებულია, რომ პუტინი დროის მოგებას და აგრესიის გაგრძელებას ცდილობს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა, მაგრამ იმ პირობით, რომ რუსეთი 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაიცავს.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო შეხვედრა ხუთშაბათს, 15 მაისს, კარგ შედეგებს უნდა მოიტანოს. საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მონაწილეობას უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბოლში შესაძლო მოლაპარაკებებში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები