“ამ დოკუმენტს ჩვენი ხელმოწერა არ ექნება”

ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" მიერ კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურება და პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების ნაწილში, მმართველი ძალისგან მეტ სიცხადეს ითხოვს.
"როგორც ჩანს, სერიოზული წნეხის ქვეშ არიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, ამიტომაც ჩქარობენ. იმ სამ პუნქტს ისინი არ ეთანხმებოდნენ, რაც შეეხება არჩევნებს, მართლმსაჯულებას და ძალაუფლების განაწილებას და კარგია, რომ დაეთანხმნენ იმ ტექსტით, რაც იქ არის, მაგრამ ჩვენ გვექნება ელჩებთანაც კომუნიკაცია. ყველამ კარგად იცის, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უბრალოდ ფრაზებით ვერ დასრულდება. დანიელსონის შემოთავაზება იყო ამ სამ პუნქტზე ხელმოწერა და იმ ორ პუნტზე გაგრძელება მსჯელობის. დაველოდებით მათთან კომუნიკაციას. იმ სამ პუნქტზე ჩვენც მზად ვართ ხელი მოვაწერო, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ ეს საბოლოო შეთანხმებას არ ნიშნავს, იმიტომ რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. არ დაგიმალავთ და პირდაპირ გეტყვით, რომ მე ლამის ყოველსაათობრივი კომუნიკაცია მქონდა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და ვფიქრობ, რომ ეს ახლა რაც გააკეთა "ქართულმა ოცნებამ" მათთვისაც სიურპრიზი იყო გარკვეულწილად, იმიტომ რომ კონკრეტულ საკითხებზე იყო საუბარი, რა თქმა უნდა, პატიმრებთან დაკავშირებით განსაკუთრებით და თუ რეალურად უნდა "ოცნებას" შეთანხმება, იცის, რომ უნდა გაათავისუფლოს ეს ხალხი და ციხეში უნდა დატოვონ, დანარჩენს ვნახავთ. აქამდე არასდროს საჯაროდ არ უთქვამთ, რომ თვითმმართველობის არჩევნების, როგორც ტესტის გამოყენებას საერთოდ უშვებდნენ რიგგარეშე არჩევნებისთვის. ეს უკვე კარგია, მაგრამ ეს საკმარისი ვერ იქნება. მნიშვნელოვანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების საბოლოო პოზიციაც.
მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ჩვენ შეთანხმებამდე მივალთ, იმიტომ რომ შეთანხმება სჭირდება ქვეყანას, სახელმწიფოს", – განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე: ექნება თუ არა ამ დოკუმენტს "სტრატეგია აღმაშენებლის" ხელმოწერა, ვაშაძე "ტვ პირველთან" ასე პასუხობს: "პირდაპირ გეუბნებით, ამ დოკუმენტს არ ექნება ჩემი ხელმოწერა, იმიტომ რომ ამ დოკუმენტში არის ბევრი გაურკვეველი საკითხი ორმნიშვნელოვან თემაზე, რაც უნდა დაზუსტეს და გაირკვეს. ამ ტიპის ამ დოკუმენტს ჩვენი ხელმოწერა ვერ ექნება".
პარლამენტის თავმჯდომარემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ოცნება" დანიელსონის დოკუმენტს ხელს აწერს.
თაგები:





