“ამ რეფერენდუმის წინ ჩამოვალ საქართველოში, ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ჩემი სიცოცხლისთვის”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოვა.
ამასთან, ის "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდებს, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერონ.
"მთელი ეს თვეები ჩვენ ვიბრძვით იმისათვის, რომ მოპარული არჩევნების შედეგები გაუქმდეს და საქართველოში ჩატარდეს ახალი არჩევნები. არჩევნების გზით, კანონიერად, მშვიდობიანად შეიცვალოს ხელისუფლება და განიმუხტოს უმძიმესი კრიზისი, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ეს თვეები ოპოზიცია ინარჩუნებდა ერთიანობას, მივაღწიეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას და მე ძალიან მადლობელი ვარ მათი, რომ გულთან ახლოს მიიტანეს ჩვენი პრობლემები და აქტიური მონაწილეები არიან ამ პროცესის. მივესალმები ასევე შარლ მიშელის განსაკუთრებულ როლს.
ის დოკუმენტი, რომელიც დაიდო შეიცავს ძალიან ბევრ ხარვეზს და ძალიან შორს არის იმისაგან, რაც ბოლომდე გადაწყვეტდა კრიზისს, მაგრამ იქ არის ორი მთავარი რამ: პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი პარტიის გმირი თავმჯდომარე, ნიკა მელია უნდა გამოვიდეს საპატიმროდან, ისევე როგორც გიორგი რურუა და შეწყდეს პოლიტიკური დევნა. ეს უნდა მოხდეს უპირობოდ, ნიკა მელიამ ყოველგვარი გირაოსა და დამამცირებელი პირობების გარეშე უნდა დატოვოს საპატიმრო. მას შემდეგ რაც ნიკა მელია ამ პირობების გარეშე დატოვებს საპატიმროს, მე მინდა მოვუწოდო "ნაციონალურ მოძრაობას", ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას, იმიტომ, რომ ამ შეთანხმებაში, არის მთავარი მეორე პუნქტი ასევე: შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პრაქტიკულად დაინიშნა პრაქტიკულად რეფერენდუმი ივანიშვილის მმართველობის ჩამოშორების თაობაზე". ჩვენ ეს უნდა მოვიგოთ ადგილობრივი მმართველობის არჩევნების პარალელურად. ამისათვის უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი.
მინდა გითხრათ შემდეგი გადაწყვეტილების შესახებ, მეც მიხეილ სააკაშვილი, ამ რეფერენდუმის წინ, წინასწარ ჩამოვალ საქართველოში, ფიზიკურად ვიქნები თქვენთან ერთად, რა რისკის ფასადაც არ უნდა იყოს ჩემი სიცოცხლისთვის, თუ ჩემი თავისუფლებისთვის, მე აუცილებლად ვიქნები ამ პროცესის უშუალო მონაწილე, დამსწრე და თქვენთან ერთად ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების აქტიური შემოქმედი"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თაგები:





