Logo

ამერიკიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები თბილისში ჩამოიყვანეს - მათ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სუსის გამომძიებლები დახვდნენ 

პოლიტიკა
170
Frontnews image description

ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობა უცნაურად დაინტერესდა  უცხოეთიდან დეპორტირებული ადამიანების ბედით. უცხოეთიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს ტრაპზე ხვდებიან საქართველოს მთავრობის წევრები და სუსის გამომძიებლები. ხდება დეპორტირებული ადამიანების სუსში დაკითხვაზე გადაყვანა და მათი დაკითხვა. როგორც იურისტები აცხადებენ ეს უკანონოა.

ადვოკატი მარიამ ხაჭაპურიძე: 

“მე დამიკავშირდა ერთ ერთი დეპორტირებულის მშობელი და მითხრა, რომ მისი შვილი დააკავეს და სუსში დაკითხვაზე გადაიყვანეს. ეს ხდება მხოლოდ მაშინ თუ ადამიანი ძებნილია, რაიმე დანაშაულისათვის. სხვა შემთხვევაში, ეს არის უკანონო. ადამიანები ისედაც ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ იმყოფებიან და მათი უკანონო დაკავებები არის მთავრობის მხრიდან ჩადენილი მძიმე დანაშაული”. 

ჩვენ დავუკავშირდით ასევე ერთ-ერთ დეპორტირებულს, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, შიშის გამო. მან დაადასტურა, ის სუსის გამომძიებელმა დაკითხა და დეტალურად დააწერინა ჩვენება იმის შესახებ, თუ რა საფუძვლით ითხოვდა თავშესაფარს. 

ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დახვდა.  ჯანდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა გახდა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მიზეზი ან რამდენი ადამიანი დეპორტირდა ამერიკიდან. 

"მინისტრის მოადგილემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს მზადყოფნა, დახმარება გაუწიოს სამშობლოში დაბრუნებულ  მოქალაქეებს. გიორგი ცაგარეიშვილმა დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის სერვისების შესახებ, რომლებიც რეინტეგრაციის პროცესში მათ საზოგადოებაში ადაპტაციას შეუწყობს ხელს" - წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში. 

გიორგი ცაგარეიშვილმა კომენტარის გაკეთების დროს აღნიშნა, რომ “მნიშვნელოვანია, დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეებს  ჰქონდეთ მხარდაჭერა, რათა არ გახდნენ მონები ამერიკასა და ევროპაში, და ღირსეულად გააგრძელონ ცხოვრება სამშობლოში”.

ჩვენ კომენტარისთვის დავუკავშირდით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურს, თუმცა დეპორტირებულების უკანონო დაკავება და დაკითხვასთან დაკავშირებით სუსში კომენტარს არ აკეთებენ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები