Logo

ამიკო ჯანელიძე - ჩვენ აწმყოსა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას შევუდექით

საზოგადოება
93
Frontnews image description

"Starring Georgia-ს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამიკო ჯანელიძე ფილარმონიის რეაბილიტაციისა და განახლების პროცესის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულად ემოციური ალბათ, ბატონი ტარიელისთვის და ქალბატონი თამარისთვის არის. ისინი მრავალი წელია, ფილარმონიაში მუშაობენ და დედაქალაქის მთავარი საკონცერტო დარბაზის მაჯისცემას ისმენენ… ფილარმონია სწორედ მათი და მათი კოლეგების დამსახურებით მოვიდა დღემდე და თავადაც ერთი დიდი ისტორიის ნაწილები არიან.

ამ ისტორიის ნაწილი ახლა უკვე „Starring Georgia“ გახდა და ამ ძალიან მაგარ ადამიანებთან ერთად აწმყოსა და მომავლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას შევუდექით.

საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროექტია ჩემთვის ფილარმონიის რეაბილიტაციასა და განახლებაზე მუშაობა. ყველაფერს, კიდევ ერთხელ, ნულიდან ვიწყებთ და ჩვენ, რეგიონში გასართობი ინდუსტრიის მთავარი ძალა მთელი შემართებით ჩავერთეთ ამ მნიშვნელოვან საქმეში.

ჩემი ბავშვობის და ახალგაზრდობის წლები სწორედ ფილარმონიას უკავშირდება. შემსრულებლის რანგშიც ბევრჯერ ვმდგარვარ ამ სცენაზე და მაყურებელიც ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ. თუ რაიმე ადგილი მახსოვს და მიყვარს ჩემი წარსულიდან, ეს პირველ რიგში სწორედ ფილარმონიაა - ქალაქის არცერთ შენობასთან არ მაქვს ასეთი ძლიერი ემოციური ბმა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა გადაწყდა, რომ ჩემი ცხოვრება და საქმიანობა ამჯერად ფილარმონიის აწმყოსა და მომავალს უნდა დაკავშირებოდა.

„Starring Georgia-ს“ მიზანია, ფილარმონიას დავუბრუნოთ კულტურული ჰაბის ძველი სტატუსი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში დამსახურებულად მივაღწევთ. მოძველებული შენობა, რომელიც დღეს ინფრასტრუქტურულადაც და ფუნქციურადაც ცუდ მდგომარეობაშია, მალე კვლავ კულტურული მიზიდულობის ცენტრი უნდა გახდეს. ის უნდა გარემონტდეს, თანამედროვე სტანდარტების ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვოს, შინაარსობრივად დაიტვირთოს, დაიხვეწოს და მოიზიდოს განსაკუთრებულად ახალგაზრდები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამ ადგილს დიდი ხანია, დაშორდნენ. რაც მთავარია, უცვლელი უნდა დარჩეს მისი იერსახე, რომლითაც ის ყოველთვის იყო თბილისის სავიზიტო ბარათი!

პარალელურად, ვიწყებთ პროექტს „ფილარმონია - დროის კადრები“, რომლის ფარგლებშიც არქივებიდან ფილარმონიასთან დაკავშირებული ფოტო-ვიდეო და აუდიომასალები გაციფრულდება და პირველად გახდება ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. „Starring Georgia-ს“ ძალიან კრეატიული, შემოქმედებითი ჯგუფი ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ფილარმონია ისევ იქცეს ქვეყნის მთავარ კულტურულ ჰაბად და ქვეყანა მსოფლიო რუკაზე კვლავ ღირსეულად წარმოჩნდეს“, - წერს ამიკო ჯანელიძე.

ფილარმონიის განახლება იწყება. პროექტი მთავრობის ადმინისტრაციის, კულტურის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.

Advertisement