ამირან გამყრელიძე – დამსაქმებლებს ვთხოვთ, მეტად წაახალისონ თანამშრომლები

ავტორი
Front News საქართველო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თანამშრომლებს, აცრის შემდეგ, მისცენ ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე.
“რამდენიმე სხვადასხვა რეკომენდაცია წარვადგინეთ, აქ ახალ ველოსიპედს არავინ იგონებს. ჯერ აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს მიეცეს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე. დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ, რომ აცრის შემდეგ ადამიანი სახლში იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში, მე მაგალითად გამოსასვლელ დღეს ვაძლევ იმ ადამიანებს, რომლებიც იცრებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მომუშავე ადამიანების 61% დღეს აცრილია და გვინდა, აგვისტოს ბოლომდე ავიდეთ 80-85%-ზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, დამსაქმებლებს აქვთ რეკომენდაცია, ვაქცინირებული თანამშრომლებისთვის გარკვეული შეღავათები დააწესონ და წამახალისებელი ღონისძიებები მოიფიქრონ.
“მიღებული პრაქტიკაა სხვადასხვა ლატარიების გათამაშება, წამახალისებელი ღონისძიებები. იგივე ორჯერად აცრილებისთვის გარკვეული შეღავათები, რომ უფრო ადვილად მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას და ბევრი სხვა. ეს დამოკიდებულია დამსაქმებელზე. ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები, არ დგინდება დადგენილებით. დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ. დამსაქმებლებს ვთხოვთ, მეტად წაახალისონ თანამშრომლები. მათ შეიძლება, ბევრი რამ მოიფიქრონ ამასთან მიმართებაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





