“ამნისტია გავრცელდება ყველაზე თანაბრად, ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე, გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც ვთანხმდებით”


ავტორი
Front News საქართველო
იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტია გავრცელდება ყველა პირზე, გარდა მათი, ვისაც საერთაშორისო კონვენციის მუხლები აქვთ დარღვეული.
როგორც ოხანაშვილმა ევროკავშირის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრა იყო საქმიანი და მხარეებს შორის მოხდა პოზიციების შეჯერება.
"ვრჩებით ერთგული ამ შეთანხმების, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის ყველა პირზე და სამართალდარღვევაზე გავრცელებას, როგორც შეთანხმებაშია გაწერილი. თუ იკითხავთ, რომ კონვენციურ მუხლებთან მიმართებაში საერთაშორისო სტანდარტი იქნება თუ არა დაცული, ჩვენი პოზიცია არის რომ კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს – ამასთან დაკავშირებით შევთანხმდით კიდეც და ორი აზრი არ არსებობს. კონვენციური მუხლები ითვალისწინებს – წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას და ა.შ.
თუ დადგინდება, რომ ამ მიმართულებით ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, მაგათზე არ გავრცელდება ამნისტია. ვერც ერთი პოლიტიკოსი, როდესაც მას, სავარაუდოდ, ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის დანაშაული პრივილეგირებული სხვა ადამიანებთან მიმართებაში ვერ იქნება. ამნისტია გამოიცემა. ამნისტია გავრცელდება ყველაზე თანაბრად, ყველა პირზე და ყველა დარღვევაზე, გარდა იმ კონვენციური მიდგომისა, რაზეც ვთანხმდებით", – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
თაგები:
