Logo

“ან შეთანხმებამდე მივდივართ, ან ვთქვათ, რომ ვერ ხდება შეთანხმება, გავაჩეროთ მაშინ ეს პროცესი”

საზოგადოება
1487
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები "ქართული ოცნების" მხრიდან თამაშს დაემსგავსა. 

მისივე განმარტებით, "ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ მას გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან ხელისუფლებაშია და მართავს ქვეყანას. 

"აუცილებელია მოვუსმინოთ მედიაციის მხარეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შემდგომ ამისა, ადამიანებს ტვინი იმისთვის გვაქვს, რომ ბევრ სხვადასხვა ალტერნატივაზე და ვარიაციაზე ვიფიქროთ, რათა ამ ჩიხიდან ქვეყანა გამოვიყვანოთ, იმიტომ რომ ყველას მობეზრდა გაუთავებელი პროცესი მოლაპარაკებების, რომელიც დაემსგავსა თამაშს "ქართული ოცნების" მხრიდან. ამიტომ, ან შეთანხმებამდე მივდივართ, ან ვთქვათ, რომ ვერ ხდება შეთანხმება, გავაჩეროთ მაშინ ეს პროცესი, რომ არ იყოს მუდმივად ერთსა და იმავე საკითხზე საუბარი. ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ უკვე აჩვენა, რომ კომპრომისული შეუძლია იყოს. იგივე არჩევნებსა და პლებისციტს შორის, საკითხთან დაკავშირებით. კომპრომისულები ყველა უნდა ვიყოთ. თუ თავს გავიგიჟებთ, ქვას ავაგდებთ, შევუშვერთ თავს და ვიტყვით, რომ მხოლოდ მე რასაც ვფიქრობ, ეს არის აქსიომატურად, აბსოლუტურად სიმართლე, ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ. საერთოდ დემოკრატიაში, ქვეყნის აღმშენებლობა კომპრომისებზე, შეთანხმებებზე დგას. სწორედ ამაში ვხედავ ოცნების პრობლემას, თვლიან რომ ამ ქვეყანაში მარტო თვითონ ცხოვრობენ, მარტო მათი აზრია სწორი და არ უნდათ ვინმეს გაუწიონ ანგარიში, ან მოისმინონ განსხვავებული აზრი. ასე დემოკრატიული სახელმწიფო ვერ შენდება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, მთავარ პრობლემას სწორედ უკომპრომისობაში, ზიზღში, გაუტანლობასა და სიძულვილის ენაში ხედავენ, რომელიც მოდის ქვეყანაში პოლიტიკოსებს შორის, ამის მთავარი წამქეზებელი მმართველი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ფაქტობრივად, სიძულვილის ენის საფუძველზე ინარჩუნებს ხელისუფლებას ქვეყანაში ბოლო რამდენიმე არჩევნების მანძილზე. ჰგონია, რომ ეს დიდხანს გაუვა, მაგრამ ასე არ იქნება. მე რომ ვიყო ხელისუფლებაში, გაცილებით უფრო კომპრომისული ვიქნებოდი. სენატშიც თქვეს, რომ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს "ოცნებას", იმიტომ რომ ის ხელისუფლებაშია, ის მართავს ქვეყანას, ამიტომ გაცილებით დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აქვთ.

მოვისმენ ისევ და ისევ მედიაციის მხარეს და "ქართული ოცნების" პოზიციებს, ამის შემდგომ რატომაც არა, თუ მექნება რამე იდეა, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის სწორი იქნება, დავაყენებ. ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი" ვართ ძალა, რომელიც გამოვირჩევით იმით, რომ შეგვიძლია ახალი ალტერნატივები ყოველთვის მოვიფიქროთ, რომელიც მისაღები იქნება საზოგადოებისთვის", – განაცხადა ვაშაძემ.

თაგები:

Advertisement