ანა ბუჩუკური – მოსყიდვის ფაქტებს აქვს სისტემური ხასიათი


ავტორი
Front News საქართველო
17:00 საათის მდგომარეობით საზოგადოებას საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ინფორმაცია მიაწოდა.
“17:00 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი პარტიის წარმომადგენელების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე დაიწერა 150-მდე საჩივარი.
განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ მოსყიდვის ფაქტებზე, რასაც აქვს სისტემური ხასიათი, რისი ამსახველი არაერთი ვიდეომასალა უკვე გავრცელდა მედიასაშუალებებშიც მათ შორის.
• სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე (დევნილთა დასახლება) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი ალექსანდრე ჩიკვაიძე არიგებს ალკოჰოლურ სასმელს.
• განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან ყუთებთან მიმართებით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები, რაც უკვე სისტემურ, ხაზს ვუსვამ – სისტემურ ხასიათს ატარებს – კერძოდ, დაფიქსირდა, რომ გადასატანი ყუთი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, ხოლო შემდეგ ისევ გაიტანეს, ასევე იყო შემთხვევები, როდესაც გადასატანი ყუთი უბნებზე დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში.
• ასევე, დაფიქსირდა გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველთა მიერ, უბანზე განმეორებით ხმის მიცემის ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის 124-ე უბანზე შემაჯემებელი ოქმები წინასწარ არის შევსებული, რაც კანონის უხეში დარღვევაა.
იყო შემთხვევები, როდესაც უბნებზე დაფიქსირდა დისბალანსი – გაცემულ ბიულეტენების რაოდენობასა და ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას შორის”, – განაცხადა ბუჩუკურმა.
თაგები:
ანა ბუჩუკური