ანა დოლიძე – ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე მივიყვანოთ საერთაშორისო არაღიარება იმ მახინჯი არჩევნებისა, რომელიც ვიხილეთ

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე მივიყვანოთ საერთაშორისო არაღიარება იმ მახინჯი არჩევნებისა, რომელიც ვიხილეთ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება ხელისუფლებამ უბრალოდ მიიტაცა რუსული სპეცსამსახურების დახმარებითა და მხარდაჭერით, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი ხელისუფლების ქმედებების გამო შეჩერდა.
“გუშინ ევროკავშირის კომისიამ გადაწყვიტა, რომ გაფართოებასთან დაკავშირებით საქართველოსთან მოლაპარაკებები არ გააგრძელოს. საქართველო აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად იმ ქვეყნების სიაში იყო, რომელთანაც გაფართოების პროცესი მიმდინარეობდა, თუმცა გუშინ ეს პროცესი და მოლაპარაკებები შეჩერდა უხეში დარღვევებით, სრული ტერორით, ადამიანების დაშინებისა და გაყალბების ფონზე ჩატარებული არჩევნების გამო. ეს მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, მათ არა მხოლოდ გაეხსნათ მოლაპარაკებები, არამედ გადავიდნენ ევროკავშირიდან დახმარებების ახალ ეტაპზე, ასეთია, მაგალითად, ალბანეთი, რომლებმაც რამდენიმე მილიარდიანი დახმარება მიიღო.
სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ საქართველო ამ ქვეყნების მიღმა დარჩა და რომ მისი ევროპული განვითარების პერსპექტივა ამ ეტაპზე შეჩერდა. იმის გამო, რომ ყველა შანსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა – დაკარგა. მანამდე რეკომენდაციებში ითქვა, რომ საარჩევნო კანონმდებლობა და გარემო უნდა გამოსწორდეს, ეს არ მოხდა, არჩევნები უხეში დარღვევებით ჩატარდა, შესაბამისად, ჩვენი მოლაპარაკებები შეჩერებულია. რა ენაზე უნდა უთხრან „ქართულ ოცნებას“ და ქართველ ხალხს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შანსი ევროკავშირთან დაახლოების და ჩვენი ევროკავშირთან გაწევრიანების ნულს უტოლდება?
ჩვენი ამოცანაა, ბოლომდე მივიყვანოთ საერთაშორისო არაღიარება იმ მახინჯი არჩევნებისა, რომელიც ვიხილეთ, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება ხელისუფლებამ უბრალოდ მიიტაცა რუსული სპეცსამსახურების დახმარებითა და მხარდაჭერით”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
თაგები:
ანა დოლიძე




