Logo

ანა წითლიძე - ვინმემ თუ გაძარცვა "ნაციონალური მოძრაობა" და პირადად მიხეილ სააკაშვილი, ნამდვილად არის ნიკა გვარამია

პოლიტიკა
85
Frontnews image description

ნიკა გვარამია 14 წლის განმავლობაში იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი იდეოლოგი და ამ 14 წლის განმავლობაში ამ პარტიაში ვერავინ მიიღებდა გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას თანხმობის გარეშე. ამიტომაც გაუგებარია, ვისკენ იშვერს თითს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც პარტიაში არიან, იმის გამოსწორებას ცდილობენ, რაც ნიკა გვარამიამ ამ 14 წლის განმავლობაში გააფუჭა.

"ადამიანებს, ვინც პარტიაში ამჟამად ვართ, არ გვიღალატია ციხეში მჯდომი პრეზიდენტისთვის, ციხეში მჯდომი მოწამლული პრეზიდენტისთვის, რომელიც სიკვდილს ებრძოდა. ბრძოლას ვაგრძელებთ, ვცდილობთ იმის გამოსწორებას, რაც ნიკა გვარამიამ ამ 14 წლის განმავლობაში პარტიაში გააფუჭა; და მეორე, ამ პარტიას ძალიან ბევრი უნახავს. ამ პარტიის და არამხოლოდ ამ პარტიის, საქართველოს ისტორიას რომ გადახედოთ, ისტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის არის ღალატის ისტორია. უბრალოდ სამწუხაროა, რომ გვარამია, რომელსაც შეიძლებოდა, ამხელა პოტენციალი ჰქონოდა, ფაქტობრივად შეენაცვლა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს და დაიკავა ქალბატონი ჩერგოლეიშვილის პოზიცია სააკაშვილთან მიმართებაში. ვგულისხმობ იმ რიტორიკას, რა რიტორიკაც აქვს სააკაშვილთან მიმართებაში და რაც ერთი ერთში ემთხვევა „ქართული ოცნების“ რიტორიკას“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, ყველაზე საინტერესოა ის, როდის იწყება ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას ისტერიკა.

„ისტერიკა იწყება მაშინ, როდესაც დაისვა მთავარი კითხვები: რა როლი ჰქონდა ნიკა გილაურს და ძმებ გილაურებს „ახლების“ დაფინანსებაში? რატომ დააფინანსა ირაკლი გალაურმა, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ასევე მისმა ძმამ, ნიკა გილაურმა „ახლების“ წინასაარჩევნო კამპანია? რატომ გვეუბნებოდნენ, რომ ნიკა გილაური უნდა ყოფილიყო შუალედური პრემიერობის კანდიდატი 2024 წლის არჩევნებზე? საიდან ჰქონდათ „ახლებს“ ეს ფული? როგორ გაატარა ბიძინა ივანიშვილმა ეს ფული? როგორ მიაცემინა გილაურებს ეს ფული „ახლებისთვის“, როდესაც მთელი ოპოზიციური სპექტრი და, განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და მთელი საარჩევნო კამპანია ისე ჩატარდა, რომ მინიმალური დაფინანსებაც არ ჰქონდა პარტიას? ხომ არ იყო გარიგება, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის წაერთმიათ ხმები და შემდეგ ზუსტად ისე მიეტაცებინათ ის არჩევნები, როგორც მიიტაცეს 2024 წელს? არაფერს არ ვამტკიცებ. ეს არის კონკრეტული კითხვები, რა კითხვებიც მაქვს მეც და საზოგადოებას. ამ კითხვებს უნდა უპასუხონ გვარამიამ და მელიამ კონკრეტული და დამაჯერებელი ფაქტებით, არა ისე, როგორც ახლა პასუხობენ. როდესაც კითხვები დაისმება გალაურთან დაკავშირებით, იწყება ეს ტანტრუმი სააკაშვილისა და „ნაციონალურ მოძრაობას“ წინააღმდეგ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბევრი მსგავსი პროცესი გაუვლია იმ ადამიანებისგან, ვინც თავად შექმნა პოლიტიკურ ველზე.

"ნიკა გვარამია იყო, მათ შორის, ის ადამიანი, ვინც არა მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი იყო, არამედ საკუთარი თავის შესაქმნელად ყველანაირად გამოიყენა მიხეილ სააკაშვილის რესურსი. რა პრეტენზია აქვს ნიკა გვარამიას, რომელიც 2024 წლის არჩევნებზე გილაურისგან, ანუ, ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილისგან ფინანსდებოდა, რომ მიუთითოს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხომ არ დაავიწყდა, 14 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის“ აქტივი რომ მშიერი იყო და შიშველი ხელებით იბრძოდა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თვითონ რამდენს იღებდა ხელფასს ჯერ „რუსთავი 2“-ში და მერე „მთავარში“. ამიტომ, ამ თითის ქნევას „ნაციონალური მოძრაობა“ გვარამიასგან არ მიიღებს. ვინმემ თუ გაძარცვა „ნაციონალური მოძრაობა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილი, ნამდვილად არის ნიკა გვარამია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები