ანრი ოხანაშვილი – რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს


ავტორი
Front News საქართველო
ძალიან რბილად რომ შევაფასოთ, ეს არის სრულიად ალოგიკური, არათანმიმდევრული და შეუსაბამო 12-პუნქტიან გეგმასთან და მის სულისკვეთებასთან, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პრეზიდენტის მიერ პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის შეფასებისას განაცხადა.
“12 პუნქტიდან პირველი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა მხარეებმა დეპოლარიზაციაზე იმუშაონ. ამის მთელი არსი ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლონ, ერთმანეთთან დასხდომა, მუშაობა, საკითხების განხილვა და მომზადება. მივიღეთ რა? საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თვითონ საუბრობს ხოლმე შერიგებაზე, დეპოლარიზაციაზე, ახლა არის ინსტრუმენტი და ხელს უწყობს, რომ ამ ყველაფერმა, იმის მიუხედავად, რომ საკითხებს, რომელიც ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ მაგიდასთან, გვემსჯელა და ისე გაგვეტანა პლენარულ სხდომაზე, პოლიტიკური სახე მიიღოს და მხარეებს მიეცეთ პოლიტიკური ტრიბუნა, რათა პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს.
პოლიტიკური შეფასება ყველას მხრიდან გაკეთებულია იმის შესახებ, რომ გვაქვს 12 პუნქტი და ის არის შესასრულებელი, ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. როგორც კი დაგვჭირდება ამ 12 პუნქტიდან გამომდინარე საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული, ეს მოცემულობა გვაქვს.
რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების“ გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს. ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და ველოდებით ოპოზიციას მომდევნო კვირას, ანტიოლიგარქიული საკითხების განხილვისთვის შესაბამის ფორმატში“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის განკარგულებას დღეს მოაწერა ხელი.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი