“ანტიკორუფციულმა მოძრაობამ“ კარლ ჰარცელს განცხადებით მიმართა

ავტორი
Front News საქართველო
“ანტიკორუფციული მოძრაობის“ წევრებმა ევროკავშირის ელჩს საქართველოში კარლ ჰარცელს განცხადებით მიმართეს. მოძრაობის წევრებმა ევროკავშირის წარმომადგენლობას მიმართეს ინიციატივით, ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის ე.წ. „ქოლცენტრების“ მფარველობის საქმეზე შეიქმნას მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც სავარაუდოდ, მფარველობენ დანაშაულს, შავი სია და მოხდეს მათზე სანქციების დაწესება.
“ანტიკორუფციულმა მოძრაობამ დაფუძნების დღიდან დაიწყო მუშაობა ხელისუფლების მიერ შექმნილ კორუფციული სქემების შესასწავლად.
ჩვენი ინფორმაციით, 2020 და 2021 წლის არჩევნებზე არალეგალური ე.წ. შავი ფულით ხდებოდა, ამომრჩეველთა მოსყიდვა და ამ შავი ფულით დაფინანსებული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ამომრჩევლების დაშინება.
არალეგალური შავი ფულის გამოყენების შესახებ რამდენიმე მედია საშუალებამ მოამზადა სიუჟეტი, სადაც გაისმა ბრალდება ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის და შემდეგ პარლამენტის დეპუტატის კახი კახიშვილის წინააღმდეგ, რომ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება ე.წ. “ქოლცენტრებიდან” ხდებოდა, ხოლო თავად “ქოლცენტრები” იყვნენ ჩართული ტრანსნაციონალურ თაღლითურ საქმიანობაში. სწორედ ზემოთხსენებული მიზეზით დავინტერესდით ე.წ. “ქოლცენტრების” საქმიანობით და დავიწყეთ ინფორმაციის შეგროვება.
ინფორმაციის დამუშავების შემდეგ დადგინდა რომ თბილისში ასეულობით ე.წ. “ქოლცენტრი” არსებობს, საიდანაც ხდება ევროკავშირის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან თაღლითური სქემით ფულის მითვისება, რის გამოც ასიათასობით ევროკავშირის მოქალაქეს მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი.
აღნიშნული საკითხის ფუნდამენტური კვლევისას დადგინდა რომ ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებას შესაძლოა ხელს უწყობდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი და უწყების სხვა მაღალჩინოსნები.
ვინაიდან ე.წ. „ქოლცენტრების“ ფუნქციონირებას სჭირდება უსაფრთხო გარემო და დაცული სივრცე, ჩვენი ინფორმაციით ( გონივრული ეჭვის ფარგლებში) სუსი უზრუნველყოფს.
ჩვენ საქართველოს კეთილსინდისიერი მოქალაქეთა სახელით, ვისაც გვინდა საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, აღშფოთებული ვართ ორგანიზებული ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლცენტრების“ არსებობით, მითუმეტეს სახელმწიფო ძალოვანი სისტემის მიერ მათი ხელშეწყობა, ასევე საარჩევნო მიზნებისთვის ევროკავშირის მოქალაქეთა ძარცვის შედეგად მობილიზებული ფულის გამოყენება მიგვაჩნია უდიდეს დანაშაულად. აქედან გამომდინარე გვსურს ვითანამშრომლოთ ზემოთხსენებული დანაშაულის გახსნის მიზნით და მოგაწოდოთ ყველა მისამართი, საიდანაც ხდება დანაშაულის მომზადება და განხორციელება.
ვინაიდან საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის მხრიდან ყველა ინსტიტუცია მიტაცებულია, ამიტომ გამოვდივართ ინიციატივით რომ შეიქმნას ორგანიზებულ ტრანსნაციონალური დანაშაულის ხელშეწყობაში ჩართული მაღალი თანამდებობის პირთა წინააღმდეგ შავი სია, რომელიც იქნება შემზღუდველი საშუალება და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი“, – აღნიშნულია წერილში.
თაგები:
კარლ ჰარცელი




