აპატურაი – რეფორმები უნდა გაგრძელდეს, გვაშფოთებს, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას


ავტორი
Front News საქართველო
რეფორმები უნდა გაგრძელდეს, დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ გვაშფოთებს, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას, – ამის შესახებ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
“საქართველოში ჩემს ყოფნას სამი ძირითადი მიზანი აქვს. პირველი არის ის, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ მნიშვნელოვნად შეცვალა რეგიონი და უფრო ფართოდ, ევროატლანტიკური არეალი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობაში დარჩნენ, უფრო აქტიურად იმუშაონ ჩვენი უსაფრთხოებისა და ღირებულებების დასაცავად, საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დროში უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის. ამ კონტექსტში ვიმყოფები აქ. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ქართველი ხალხი მკაფიოდ იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მისწრაფებას.
მეორე მიზანი, რისთვისაც ჩემს გუნდთან ერთად ჩამოვედი, არის იმის განხილვა, რა შეგვიძლია, ერთად გავაკეთოთ უფრო მეტად. უკვე მეტი ნატოა საქართველოში და მეტი საქართველო ნატო-ში, მაგრამ ორივეს გვსურს მეტი.
საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ასევე არის რეფორმების განხილვა. ვიყავი პარლამენტში, შევხვდი საპარლამენტო ჯგუფს, სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გზავნილი, რომელიც გადავეცი, ძალიან მარტივია და საიდუმლოს არ წარმოადგენს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. დიდი პროგრესია მიღწეული, მაგრამ გვაშფოთებს, რომ მაღალი პოლიტიკური პოლარიზაცია აფერხებს ზოგიერთი რეფორმის განხორციელებას.
ძალიან ბევრი უკვე განხორციელებული რეფორმით კმაყოფილი ვარ, მაგრამ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ერთად. ნატო-ს კიდევ ბევრ მაღალი დონის ვიზიტს იხილავთ საქართველოში, რადგან ჩვენ მოწოდებული ვართ, ეს ქვეყანა ნატო-ს უფრო მეტად დავუახლოოთ“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
თაგები:
ჯეიმს აპატურაი

გიორგი ბარამიძე – მათი პოლიტიკური იზოლაცია უნდა გაგრძელდეს და ამავდროულად უნდა გაგრძელდეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა

ირაკლი ღარიბაშვილი – გულისტკენით უნდა აღვნიშნო, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ პროცესში არ მონაწილეობს

“უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი, მუშაობა უნდა გაგრძელდეს საარჩევნო რეფორმაზე”