Logo

აფგან მუხთარლი დღეს თბილისში მისი გატაცების საქმეზე მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრებს

პოლიტიკა
27.09.2022 / 11:17
Frontnews image description

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დღეს დილით თბილისში ჩამოვიდა. დღესვე, 15:30 საათზე, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში“ მუხთარლი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და მისი გატაცების საქმეზე მიმდინარე სიახლეებზე ისაუბრებს. 

 

პრესკონფერენციაზე მუხთარლი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ამჟამად პატიმრობაში მყოფი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის მიერ ორი თვის წინ საჯაროდ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც გოგაშვილმა მუხთარლის გატაცების ორგანიზებასა და აღსრულებაში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამხილა.

 

აღნიშნული საჯარო განცხადების საფუძველზე, „უფლებები საქართველოს“ იურისტმა, მუხთარლის დამცველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა გენერალურ პროკურატურას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი  მოადგილის და მის მიერ დასახელებული, მუხთარლის საქმესთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოკითხვა მოითხოვა, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. პროკურატურამ დასახელებული პირებიდან ამ ეტაპზე მხოლოდ გოგაშვილი გამოკითხა. 

 

მუხთარლის ინტერესებს 2017 წლიდან დღემდე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავენ არა მხოლოდ ადგილობრივ დონეზე, არამედ ევროსასამართლოშიც.

 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან, 2017 წლის მაისში, დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს და გადასცეს აზერბაიჯანს, სადაც ის საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის ბრალდებით გაასამართლეს. 2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა.

Advertisement