Logo

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში დასრულდა

პოლიტიკა
165
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი იტალიაში დასრულდა, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული და აფხაზური კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.

ვიზიტის დასკვნითი ღონისძიება ქალაქ პალერმოში, „Don Bosco Ranchibile“-ს დარბაზში გაიმართა, სადაც სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე წარდგა.

მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ ხელისუფლებას და იტალიელ ხალხს წლების წინ, დევნილი მოზარდების შეფარების და გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. ასევე იმ იტალიელ ოჯახებს, რომლებიც წლების წინ ქართველ და აფხაზ დევნილ ბავშვებს მასპინძლობდნენ, სპეციალური მადლობის სიგელები გადასცა.

"უმნიშვნელოვანესი ვიზიტი გვქონდა იტალიაში. გავმართეთ არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა იტალიელ ოფიციალურ პირებთან, რომლის დროსაც დეტალურად განვიხილეთ საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. ჩვენი საუბრის მთავარი თემები ჰუმანიტარული მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება, განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი კულტურული ღონისძიებები იყო“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

ღონისძიების ფარგლებში შედგა აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება, რომელიც სწორედ აღნიშნულ პროექტს მიეძღვნა და მასში მონაწილე თაობის სამადლობელ მესიჯებს შეიცავდა.

საღამოზე ასევე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლო კონცერტი გაიმართა. ანსამბლმა "აფხაზეთმა“, ქორეოგრაფ ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, იტალიელ მაყურებელსა და ქართულ დიასპორის წარმომადგენლებს ახალი პროგრამა შესთავაზა. სცენაზე წარმოდგენილი იყო გამორჩეული ქართულ-აფხაზური სასიმღერო და ქორეოგრაფიული ნომრები.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის დელეგაციის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები