Logo

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე პალერმოს მერს შეხვდა

პოლიტიკა
121
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დელეგაციის წევრებთან ერთად პალერმოს მერს რობერტო ლაგალას შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ბავშვების ჩართვას საქართველო-იტალიას შორის გაცვლით პროგრამაში, რომელიც 1997-2007 წლებში მოქმედი პროგრამის მსგავსი იქნება. დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნული პროექტის აღდგენის პერსპექტივები განიხილეს.

პალერმოს მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.

"დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლე საქართველოს დელეგაციას, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს გავეცანი ამ რეგიონის აქტუალურ პრობლემებს, ქართველებს დავუდასტურე ჩვენი თანადგომა და მეგობრობა. განვიხილეთ არამარტო კოლაბორაციის, არამედ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებული საკითხებიც. განსაკუთრებით გვინდა იმედი ჩავუსახოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ", - განაცხადა პალერმოს მერმა.

თავის მხრივ, გიორგი ჯინჭარაძემ იტალიურ მხარეს დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ პალერმოს მერთან, სადაც საუბარი გვქონდა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე, პროექტზე, როდესაც სიცილიელი ოჯახები მასპინძლობდნენ დევნილ ბავშვებს და ეს იყო ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი და დღეს პალერმოს მერი დაგვპირდა, რომ ამ პროექტის განახლება შესაძლებელია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იტალიურ მხარეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და განვითარდება", - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრას აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა გვაზავა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ ბარიში ირაკლი ქოიავა და საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარმომადგენელი ქეთევან ქორქაშვილი ესწრებოდნენ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები