აფხაზეთის მთავრობის წევრები იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შეხვდნენ

ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ს შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოსა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს. დავით ფაცაციამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.
"დღევანდელი დღე ნამდვილად გამორჩეული და ემოციურია. გულითად მადლობას ვუხდით იერუსალიმის პატრიარქს, რომელმაც აფხაზეთის მთავრობის დელეგაციას განსაკუთრებული სითბოთი გვიმასპინძლა. უწმინდესს გავუზიარეთ ჩვენი სატკივარი და და ყურადღება გავამახვილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.
მწამს, რომ საქართველოსა და იერუსალიმის პატრიარქების ერთობლივი ლოცვა-კურთხევით, აუცილებლად აღდგება ისტორიული სამართლიანობა და ჩვენს მთავარ მიზანს მივაღწევთ - ვიცხოვრებთ ერთიან და გაბრწყინებულ საქართველოში“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.
იერუსალიმის პატრიარქმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
შეხვედრას, ასევე, აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო – ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკატერინე წივწივაძე ესწრებოდნენ.
თაგები:
იერუსალიმის პატრიარქი




