Logo

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს წყვეტენ

Frontnews image description

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საპროტესტო აქციებს წყვეტენ. მათი თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

 

მათივე თქმით, დღეს მიიღეს დაპირება, რომ როგორც კი ყველაფერი იქნება მზად პრეპარატ “ვოსორიტიდის” შემოსატანად, ფინანსთა სამინისტრო შესაბამის თანხებს გამოყოფს.

 

მშობლების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, საკითხთან დაკავშირებით პროცესში თავადაც იქნებიან ჩართული.

 

“კანცელარიასთან ჩვენი უწყვეტი აქციების მე-19 დღე დასრულდა. დღეს მშობლები დავესწარით საკოორდინაციო საბჭოს შეკრებას ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც დაწვრილებით მოვისმინეთ პროტოკოლზე მომუშავე ექიმების თითოეული კომენტარი და დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნება დასრულებული. ასევე, მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება. მან განაცხადა, რომ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს „ვოსორიტიდის“ შესყიდვას, ფინანსთა სამინისტრო დაუყოვნებლივ გამოყოფს თანხებს. მშობლები ყოველკვირეულ შეკრებაზე ვიქნებით ჩართულნი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან წინ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, დაგვჭირდება მშვიდი გონება და უპირველესად ვჭირდებით ჩვენს ოჯახებს. ამიტომ, ვწყვეტთ 24-საათიან აქციას კანცელარიასთან“, – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ქეთი ბეგიაშვილმა.

 

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები აქციებს აპრილის დასაწყისიდან მართავდნენ. ისინი აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ საქართველოში შემოტანასა და სახელმწიფოს მიერ მკურნალობის დაფინანსებას ითხოვენ.

Advertisement