Logo

"არ უნდა დავუშვათ, რომ თბილისის მერიამ გაამართლოს ძალადობა, ქუჩაში დატოვოს ასობით მოქალაქე და ხელი შეუწყოს კორუფციული სქემების განხორციელებას"

პოლიტიკა
492
Frontnews image description

არ უნდა დავუშვათ, რომ თბილისის მერიამ გაამართლოს ძალადობა, ქუჩაში დატოვოს ასობით მოქალაქე და ხელი შეუწყოს კორუფციული სქემების განხორციელებას. ეს არის მმართველი ძალის უნიათობის, გულგრილობის და კორუფციის მორიგი სახე, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია აღნიშნული. 

პარტიის განცხადებით, თვალჭრელიძის №1-ში უკვე ორ წელია 120-ზე მეტი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი გადარჩენისთვის იბრძვის.

"თვალჭრელიძის №1-ში უკვე ორ წელია 120-ზე მეტი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი გადარჩენისთვის იბრძვის. მათ შორის არიან მრავალშვილიანი დედები, ბავშვები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები, რომლებსაც სახელმწიფომ ალტერნატივა არ შესთავაზა – მხოლოდ მიტოვებული შენობა, სადაც სიცოცხლისთვის ბრძოლა ყოველდღიურობა გახდა.

ამ ადამიანებმა საკუთარი ძალებით, მიტოვებულ შენობაში საცხოვრებელი მინიმალური პირობები თავად შექმნეს, თუმცა ახლა თბილისის მერია და სხვა პასუხისმგებელი უწყებები ძალადობრივი გზით ცდილობენ მათ გამოყვანას, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს სახელმწიფო ინსტიტუტების გულგრილობას და ბოროტად გამოყენებულ ძალაუფლებას.

თბილისის მერია თვალჭრელიძის მცხოვრებლებს არ სთავაზობს არც ალტერნატიულ საცხოვრებელს, არც მინიმალურ კომპენსაციას. მერიამ არც ერთხელ არ სცადა მოსახლეობასთან დალაპარაკება, არ სცადა მოლაპარაკება მეპატრონესთან. არ ყოფილა არცერთი მცდელობა მედიაციის პროცესის დაწყებისა, რასაც თავად მცხოვრებლებიც ადასტურებენ.

ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" უკვე 3 თვეა, დგას ამ ადამიანების გვერდით – არაერთხელ მივმართეთ მერიას, ჩავატარეთ ბრიფინგები, შეხვედრები მოსახლეობასთან, ვცადეთ მეპატრონესთან მოლაპარაკება. მაგრამ მერიამ აირჩია ჩუმად ყოფნა და ძალადობაზე თანხმობა. თბილისის მერმა ასე დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, ასრულებს " ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენების სურვილებს, თითქოს ეს ქალაქი რამდენიმე პირის კერძო საკუთრებაა. აშკარაა, რომ "ოცნებისთვის" კორუფციულმა ინტერესებმა გადაწონა ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.

არ უნდა დავუშვათ, რომ თბილისის მერიამ გაამართლოს ძალადობა, ქუჩაში დატოვოს ასობით მოქალაქე და ხელი შეუწყოს კორუფციული სქემების განხორციელებას.

ეს არის მმართველი ძალის უნიათობის, გულგრილობის და კორუფციის მორიგი სახე", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით,  "თვალჭრელიძის №1-ში შენობა-ნაგებობები სრულად ამორტიზებულია და იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია", რის გამოც, მოსახლეობის იძულებით გამოსახლება დაიწყეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები