Logo

"არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას" - ილჰამ ალიევმა უკრაინას "მთავარი რჩევა" მისცა

უკრაინა
337
Frontnews image description

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უკრაინას "მთავარი რჩევა“ მისცა - არასდროს დაეთანხმონ ოკუპაციას.

"არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას. ეს არის მთავარი რჩევა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, როგორც ჩვენ ვხედავდით ამ პროცესს. ვინაიდან ყარაბაღის პირველი ომის პერიოდი იყო რთული, ტრაგიკული, მრავალრიცხოვანი მსხვერპლით, აზერბაიჯანელების გენოციდით, კონფლიქტისადმი პერიოდი იყო არანაკლებად რთული მორალური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ გვყავდა მილიონი ადამიანი, რომლებიც საარსებო სახსრების გარეშე დარჩნენ. ფული არ გვქონდა, ხაზინა ცარიელი იყო. ჩვენ პრაქტიკულად არავინ გვიჭერდა მხარს. არავისგან გვქონდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო მხარდაჭერა. ეკონომიკა ნანგრევებში იყო, ინფლაცია – ათასი პროცენტი, მასშტაბური უმუშევრობა, სიღარიბე კი 100 პროცენტს უახლოვდებოდა. ასეთი იყო აზერბაიჯანი, როდესაც მას სათავეში ჰეიდარ ალიევი ჩაუდგა… თანდათან  ჩვენ ფეხზე ადგომა, აღორძინება დავიწყეთ და ვფიქრობდით მხოლოდ ერთზე – როგორ დავიბრუნოთ ოკუპირებული ტერიტორია. გვესმოდა, რომ რთული იქნებოდა, უპირველეს ყოვლისა, რელიეფის გამო. ჩვენ, ყველა ამით ვცხოვრობდით, რომ დაგვებრუნებინა ჩვენი ძირძველი ტერიტორიები. საერთაშორისო გარემოებები ჩვენ წინააღმდეგ იყო. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, თითოეული თავისი მიზეზით, იყვნენ სომხეთის მხარეს და ყველა ცდილობდა, რომ ეს სიტუაცია მარადიულად გაგრძელებულიყო და ეს სტატუს-კვო არ შეცვლილიყო“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებების მრავალწლიანი პროცესის განმავლობაში ბაქომ მიიღო მრავალი გზავნილი, რომ უნდა შეჰგუებოდა არსებულ რეალობას, ამაზე აზერბაიჯანის ხელისუფლების უარი კი აღიქმებოდა, როგორც არაადეკვატური რეაქცია. როგორც ალიევმა თქვა, აზერბაიჯანის ყველა არგუმენტი ეჯახებოდა ქედმაღლურ ჭკუის სწავლების კედელს: „შეეგუეთ რეალობას“.

„კარგი, მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ შევქმნით ახალ რეალობას, მერე თქვენ შეეგუებით მას და ასეც მოხდა“,  – აღნიშნა ალიევმა.

ალიევის თქმით, სამართლიანობა არსებობს, უბრალოდ, საჭიროა მისი მიღწევა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ, ასევე, გამარჯვებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საზოგადოების კონსოლიდაცია.

Advertisement