არჩილ გამზარდია - ეს მდგომარეობა განახლებას საჭიროებს, მაგრამ ვერც შემოქმედებითად და ვერც სხვა ფორმით ამას ვერ ვხედავთ


ავტორი
Front News საქართველო
ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის თვალსაზრისით, ვითარება შესაძლოა, დამოუკიდებლობის დღეს გამწვავდეს. ოპოზიცია 26 მაისს მორიგ აქციას აანონსებს, რაც ეროვნული დღესასწაულის ფონზე დამატებით სიმბოლურ დატვირთვას იძენს. პარალელურად, რადიკალიზაციისა და პოლარიზაციის შესახებ პოლიტიკური სპექტრის შიგნით გაკეთებული განცხადებები დისკუსიას კიდევ უფრო ამწვავებს.
ამავე დროს, მმართველი ძალის მხრიდან გააქტიურებული ანტიდასავლური რიტორიკა ახალ კითხვებს აჩენს ქვეყნის საგარეო კურსთან და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, Front News ესაუბრა პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორს არჩილ გამზარდიას - რას ნიშნავს 26 მაისი დღევანდელ პოლიტიკურ კონტექსტში, რა სცენარებია მოსალოდნელი და რას უნდა ველოდოთ როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების მხრიდან. ასევე, საუბარი შეეხო თვითმმართველობის არჩევნებს, ოპოზიციის დილემებს და ქვეყნის დასავლურ მომავალს.
– როგორ აფასებთ ოპოზიციის მზადებას 26 მაისისთვის - ვხედავთ კოორდინირებულ სტრატეგიას თუ ფრაგმენტულ ნაბიჯებს? გედევან ფოფხაძის რადიკალიზმისკენ მიმართული განცხადებები რას ამბობს ოპოზიციური სპექტრის განწყობებზე?
- რომ არ მოგატყუოთ, განცდა მაქვს, რომ ოპოზიციამ არ იცის, რას და როგორ აკეთებს. საერთოდ მგონია, რომ მათ ბოლო დროს ორიენტაცია დაკარგეს - როგორც ჩიტმა, რომელიც ოთახში შემოფრინდება და ვერ ხვდება, საით წავიდეს: ხან ერთ კედელს ეჯახება, ხან - მეორეს. თუ ოპოზიციამ რაიმე ახალი შინაარსი არ ჩამოაყალიბა და ახალ უნარებს არ შეიძენს პროცესის მართვისთვის, მაშინ რას უნდა ველოდოთ? იგივე სცენარს, რაც 9 აპრილს ვნახეთ - მცირე დაპირისპირებები, საქმის გარჩევები და ბოლოს დაპატიმრებები. იგივე სურათები, რაც დიდი ხანია, ტრიალებს და უკვე მომაბეზრებელი გახდა. ზოგჯერ ტრაგიზმიც კი მოსაბეზრებელია. ჩემთვის უკვე განსაკუთრებული ინტერესიც აღარ დარჩა. დავიღალეთ, აღარავის უნდა ახალი დაპირისპირებები. ვფიქრობ, ასეთივე მოლოდინი აქვს საზოგადოებასაც - აღარ სურს იგივე წრეზე სიარული. თუ ოპოზიციურ სუბიექტებში რაიმე საინტერესო განვითარდა და ახალი პოლიტიკურად ადაპტირებული ფორმა ჩამოყალიბდა, სიახლე ნამდვილად იქნება, მაგრამ ამის მოლოდინი ნაკლები მაქვს.
– რა ტიპის სცენარები შეიძლება განვითარდეს 26 მაისს? რამდენად მაღალია პროვოკაციების რისკი? როგორ შეაფასებდით ხელისუფლების სავარაუდო რეაგირებას - პრევენციული, მკაცრი, თუ კონსტრუქციული?
- სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რომ ორივე მხარე სერიოზულ რამეს ამზადებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი ასე თუ ისე მაინც ცდილობს პროცესების მშვიდობიანად განვითარებაზე საუბრობს და ზოგადად, მშვიდობიანი აქციების პრინციპს იცავს. მე მათი მოქმედებების კვალიფიკაციას ასე მარტივად არ შევცვლი - ცალკეული გამონაკლისების გარდა, მათი ქმედებები მშვიდობიანია. ხელისუფლებაც დიდად არ ერევა სიტუაციაში. "ოცნება" კარგად აცნობიერებს, რომ მათი ზეწოლა ქმნის შემდგომ აურზაურს და მათ გარეშე ეს ვითარება არ წარმოიქმნება. ისინი ქაოსსა და ტემპერატურას მაშინ ზრდიან, როცა ეს მათ სჭირდებათ - რაღაცის გადასაფარად. მღვრიე წყალში თევზის დაჭერა მათ უკეთ გამოსდით. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ კონკრეტულ მოხელეებს დესტაბილიზაცია ხელს აძლევთ.
მესამე მხარე - თუ პროცესი გავლენას მოახდენს მმართველი ძალის ე.წ. თავმოყვარეობაზე, ისინი აუცილებლად ჩაერევიან. მათ სჭირდებათ რაღაც საკვები საკუთარი ამომრჩევლისთვის, რომ უნიათო და უპრინციპო ხელისუფლებად არ გამოჩნდნენ. მაგალითად, 9 აპრილს განვითარებული მოვლენები „ოცნების“ ამომრჩეველმა მთავრობის სისუსტედ შეაფასა და არა - ტაქტიკურ მანევრად. ასე რომ, ბევრი სცენარია შესაძლებელი.
– აუცილებლად მინდა გკითხოთ თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს კვლავ ოპოზიციის სტრატეგიული დილემაა. როგორ აფასებთ ნიკა მელიას მოწოდებას, რომ გაირკვეს, ვინ მონაწილეობს და ვინ არა? ფიქრობთ, შესაძლებელია ერთიანი ოპოზიციური სტრატეგიის ჩამოყალიბება? მაგალითად, მელიას იდეაა, რომ 26 მაისს მოხდეს ამის გამოცხადება...
- კი ბატონო, აქ ნამდვილად დილემაა და მეც ცალსახად არ მაქვს პასუხი, რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ. ერთის მხრივ, საუბარია პარტიების ფუნქციაზე - არჩევნები აუცილებელია მათ სიცოცხლისუნარიანობისთვის. მეორეს მხრივ, რეალურ მოცემულობასა და პერსპექტივებზე უნდა ვისაუბროთ. პოლიტიკური პარტიის ძირითადი ფუნქციაა არჩევნებში მონაწილეობა. უამრავი პოლიტიკური ჯგუფისგან განსხვავებით, მხოლოდ პარტიებს აქვთ რესურსი საარჩევნო პროცესში ჩასართავად. ამიტომ არჩევნებზე უარის თქმა პოლიტიკურ აქტივიზმად გადაიქცევა, რაც პარტიისთვის სერიოზული დაკნინებაა. წინააღმდეგობის პოლიტიკურ ფასს კარგავ და გადადიხარ საზოგადოებრივ პროტესტში - დამატებითი ინსტრუმენტის გარეშე.
ამავე დროს, არის არგუმენტი, რომ მონაწილეობა "ოცნებისთვის" ლეგიტიმაციის მინიჭებაა, მაგრამ ეს მცდარი დამოკიდებულებაა. ეს დავა შორს წაგვიყვანს და არაფერს მოგვცემს. მესმის არგუმენტი, რომ ხელისუფლება ამას პროპაგანდის წყაროდ გამოიყენებს, თითქოს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნებია. თუმცა, ჩნდება კითხვა - აქვს ოპოზიციას შინაარსი, რაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია?
წინა არჩევნებზე საერთოდ ამოვარდნილები იყვნენ. მე, ადამიანს, რომელიც ნაწილობრივ რეგიონში ვცხოვრობ, მეცინებოდა მათ კამპანიებზე. შინაარსის დეფიციტთან ერთად, ოპოზიციურ პარტიებს ადამიანური რესურსების დეფიციტიც ჰქონდათ. ადგილობრივი არჩევნები სწორედ კონკრეტულ ადამიანურ რესურსზეა დამოკიდებული. ასე რომ, სამი ურთიერთდაკავშირებული პრობლემის წინაშე დგანან და ამის გამო ოპოზიცია სერიოზულ სტრატეგიულ ჩიხშია. ჩემი აზრით, არჩევნების ბოიკოტით ვერ მიიღებენ იმაზე მეტს, ვიდრე წააგებენ.
– ბოიკოტის იდეა ეფექტური პროტესტის ფორმაა, თუ მმართველი პარტიისთვის კომფორტული სცენარი? თავად ოპოზიციურ რიგებში უკვე დავის საგნად იქცა ისიც, რომ შარშან უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა გარეთ, ვიდრე წელს. რამ განაპირობა ეს ცვლილება? არ გაამართლა რადიკალიზმმა, რომელიც ოპოზიციამ აირჩია?
- პირველ რიგში, ნებისმიერი საზოგადოებრივი კამპანია საჭიროებს ერთგვარ კვებას - მუხტს. მუხტი იკვებება იმით, რომ მოქალაქეს აქვს მოტივაცია, იმოქმედოს. დღეს აქციების საყრდენი ორიენტირები არ შეცვლილა. თვეებია, ეს სტატუს-კვო გრძელდება. ეს მდგომარეობა განახლებას საჭიროებს, მაგრამ ვერც შემოქმედებითად და ვერც სხვა ფორმით ამას ვერ ვხედავთ.
ოპოზიცია ვერც საკუთარ როლს პოულობს - თითქოს ჩართულია პროცესში და თან არა. პოლიტიკურ აქტივიზმს შეუძლია გავლენის მოხდენა, მაგრამ შემდეგ უკვე პოლიტიკური პროცესი უნდა გამოჩნდეს. ოპოზიცია მოითხოვს ვადამდელ არჩევნებს, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალა უნდა მოვიდეს. შესაბამისად, უნდა იზრუნონ საკუთარ რეპუტაციაზე - გაძლიერდნენ ან, სულ მცირე, არ დაკნინდნენ. ეს შანსი, ჩემი აზრით, ხელიდან გაუშვეს.
– როგორია საზოგადოებრივი განწყობა - პროტესტისკენ იხრება, თუ კონსტრუქციული ცვლილებებისკენ? ანუ, ოპოზიცია ვერ ახერხებს, თავი რეალურ ალტერნატივად წარმოაჩინოს მომდევნო თვეების პერსპექტივაში? და რა არის მმართველი გუნდის ყველაზე სუსტი წერტილი ამ ეტაპზე? რა ტიპის პოლიტიკური განვითარებაა მოსალოდნელი ზაფხულში?
- ხელისუფლება თავდაპირველად ინერციულად მოქმედებდა, მაგრამ ნელ-ნელა პროცესიდან სარგებლის მიღება დაიწყო. "ოცნებას“ ერთპარტიული მმართველობის კომპლექსი აღარ აქვს - გადახარშეს ეს ვითარება. ამიტომ დათმობაზე წასვლას აღარ აპირებენ. კომპრომისის ფუნქცია ის არის, რომ ვერც ერთი მხარე სრულად ვერ ახორციელებს სურვილს. თუმცა, ჩვენთან არც კომპრომისის სურვილი ყოფილა და არც პოლიტიკური ვაჭრობის რეალური სივრცე.
"ოცნებას" ყველა ეუბნება, რომ ცივილიზებული სამყაროს იმედი არ ჰქონდეთ - ისინი მათ სასარგებლოდ არ იმუშავებენ. შიდა პოლიტიკაში დრო შესაძლოა, მათ სასარგებლოდ მოქმედებდეს, მაგრამ საგარეო პოლიტიკაში უპირატესობა ოპოზიციას აქვს. მათ ამაზე სავაჭროდაც არ სურთ ჩართვა - უშვებენ შანსს.
ოპოზიცია, შესაძლოა, ცოტა ენერგია მიიღოს ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და სენატორ რუბიოს განცხადებების შემდეგ, მაგრამ 2–3 თვეში მიღებული ენერგიის ზღვარიც არსებობს. თუ რაიმე რეალური არ მოხდა, ეს მუხტი მალე დაიკარგება.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
არჩილ გამზარდია

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა