არჩილ გორდულაძე - ტექსტს კვლავ ევრობიუროკრატების ცენზურა ჰქონდა გავლილი, თუმცა რაც მედიამ გაავრცელა ე.წ "მანიფესტის" შინაარსი, უარი თქვეს მის წაკითხვაზე

ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც ოპოზიციას 28 ნოემბრის აქციაზე ე.წ “მანიფესტი” უნდა წაეკითხა, რომელიც წყაროს ცნობით ბრიუსელთან შეთანხმდა.
“რამდენიმე კვირის წინ, აგენტურულმა ოპოზიციამ ბრიუსელიდან მიღებული ტექსტი სიტყვა-სიტყვით რომ წაიკითხა, რომელიც ბრიფინგამდე ერთ-ერთმა მედიამ გაავრცელა, იმის მტკიცება დაიწყეს, ჩვენ დავწერეთ და ბრიუსელი არაფერ შუაშიაო.
მტკიცების პროცესში იმდენი შეცდომა დაუშვეს და იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ვერსია გაავრცელეს, რომ საბოლოოდ დაადასტურეს დირექტივის შესრულების ფაქტი.
იგივე განმეორდა ახლაც - ტექსტს კვლავ ბრიუსელში, ევრობიუროკრატების ცენზურა ჰქონდა გავლილი, თუმცა მას შემდეგ რაც მედიამ კვლავ წინასწარ გაავრცელა ეგრეთ წოდებული "მანიფესტის" შინაარსი, წინა გამოცდილების გათვალისწინებით საერთოდ უარი თქვეს მის წაკითხვაზე. თუმცა, მაინც წამოცდათ, რომ მისი წაკითხვა გეგმაში ჰქონდათ.
ყველაზე საინტერესო ამ ამბავში ის არის, რომ ტექსტში ღიად არის დაფიქსირებული აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკა და აღნიშნულია, რომ "დიპ სტეიტი" მისი და "ქართული ოცნების" ცრუ ნარატივია, რომელიც სათავეს რუსეთში იღებს!
პრინციპში, ამ გზისკენ ღიად მიდიოდა ოპოზიცია დროთა განმავლობაში და ეს უკვე ნანახი კინოა, რადგან დონალდ ტრამპი მათ ერთხელ უკვე გამოაცხადეს რუსეთის აგენტად.
ასე რომ, არაფერი იცვლება მეორე მხარეს, აგენტურა აგენტურად რჩება, დავალების შესრულება მათი მთავარი ამოცანაა, ხოლო ამ დავალების შესრულების დროს თავქარიანი აგენტები კვლავ მზად არიან, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის აგენტად გამოაცხადონ!”- წერს გორდულაძე.
თაგები:
არჩილ გორდულაძე




