Logo

არჩილ გორდულაძე - ზედმეტი კითხვები რომ არ დარჩენილიყო, კანონში დაზუსტება მოხდა

პოლიტიკა
216
Frontnews image description

დიპლომატიურ წარმომადგენლობას თუ საელჩოს თავისი ქვეყანა თანხას თუ ჩაურიცხავს თავისი მიზნების განსახორციელებლად, კერძოდ, ვენის კონვენციის შესაბამისად საქმიანობისთვის, ეს იქნება თანამშრომლების დაქირავება, საკუთარი ქვეყნის წარმოჩენა. ამ ყველაფერს მთავრობასთან შეთანხმება არც მოქმედი კანონმდებლობით არ სჭირდებოდა და არც ცვლილებებით დასჭირდება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონში კონკრეტული ჩანაწერი კეთდება, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობას თანხას თავისი ქვეყანა თუ ჩაურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და მთავრობასთან არ შეთანხმდება.

„იმის გამო, რომ კითხვები გაჩნდა და მავანს შესაძლებლობა გაუჩნდა, ეს ჩანაწერი ისე გამოეყენებინა, თითქოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს საქმიანობას უკრძალავს ან ვინმე ხელს უშლის საქმიანობის განხორციელებაში, კონკრეტული ჩანაწერი კეთდება. ასეთი ტყუილები რომ არ გავრცელდეს და შესაძლებლობა არ ჰქონდეთ, საქართველოს იმიჯი შეილახოს, კანონში კონკრეტული ჩანაწერი კეთდება, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობას თანხას თავისი ქვეყანა თუ ჩაურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და ის მთავრობასთან არ შეთანხმდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ერთი წლის წინ, როდესაც პარლამენტი კანონს იღებდა, კონკრეტულმა საელჩომ გრანტი ორ პირზე გასცა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული და პარტიულ სიაშიც იყვნენ.

„მსგავსი ქმედება თუ იქნება, ანუ საელჩო თანხას თუ გასცემს რომელიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, რაც მიმართული იქნება საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებაზე, საზოგადოებაზე ზეგავლენის მოხდენაზე, გრანტად ჩაითვლება და მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს. მთავრობისგან თანხმობას თუ მიიღებს, მაშინ შეუძლია, გრანტი გასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გრანტის გაცემისგან ან თავი უნდა შეიკავოს, ან პასუხისმგებლობა დაეკისრება. „გრანტების შესახებ“ კანონში მარტივი ჩანაწერი და დაზუსტება ზედმეტი ინსინუაციების გამოსარიცხად კეთდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, განსაზღვრულია პოლიტიკური საქმიანობა, რაც FARA-ს კანონიდან პირდაპირი თარგმანია.

„პოლიტიკურ საქმიანობაზე გაცემულ თანხებად ითვლება, თუ იგი მიმართულია საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად, რომ, საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს ან შეიცვალოს პოლიტიკა. ეს ისედაც ასე იყო, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ვენის კონვენცია, რომელიც არის იერარქიულად გაცილებით უფრო მაღალი საერთაშორისო ხელშეკრულება. ჩვენ მიერთებული ვართ ამ კონვენციასთან, შესაბამისად, დიპლომატიური ორგანიზაციის საქმიანობისთვის გასაწევი თანხები გრანტად არც აქამდე ითვლებოდა, მაგრამ იმისათვის, რომ ზედმეტი კითხვის ნიშნები არ დარჩენილიყო, პირდაპირ შავით თეთრზე კანონში ჩაიწერა. ეს არის კონკრეტული დაზუსტება, რომელიც მიზნად მეტი სიცხადის შეტანას ისახავს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები