Logo

“არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?”

საზოგადოება
632
Frontnews image description

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ელჩებს, სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართავს.

"როცა პრემიერი კრიმინალად, თან მთავარ კრიმინალად გაცხადებს, იმ ვითარებაში, როცა არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა ჩემზე და როცა ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, როგორ უნდა იქნეს ეს აღქმული და შეფასებული? არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური დევნა?", – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას არარაობა და კრიმინალი უწოდა.

"ერთ-ერთი გამოკვეთილი დამნაშავე, კრიმინალი, არარაობა გვარამია გვევლინება მედიის მამად და ტელევიზიის დირექტორად. პროკურორი კაცი, რომლის დროსაც იმედის ძალადობრივი გზით დახშობა მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა. ამაზეა საუბარი, დღესაც აქ ვართ, სად გვინდა, რომ ვიყოთ ხვალ?", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თაგები:

Advertisement