არქიმანდრიტი დოროთე - გთხოვთ, დაგვეხმაროთ თქვენთვის შესაძლებელი ყველა საშუალებით, რათა საქართველო დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას


ავტორი
Front News საქართველო
გთხოვთ, ინებოთ და დაგვეხმაროთ თქვენთვის შესაძლებელი ყველა საშუალებით, რათა საქართველო გათავისუფლდეს რუსული აგრესიისგან და დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ-ისადმი მიმართვაშია აღნიშნული.
არქიმანდრიტი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის ნაცვალია, რომელიც რუსეთს უჭერს მხარს ყველაფერში.
"მე, როგორც ერთ მღვდელს და ხალხის მოძღვარს, მშობელი ხალხის ჩაგვრა-წამების მშვიდად ყურება არ შემიძლია, ამიტომაც მოგმართავთ თხოვნით კულტურულ კაცობრიობას, დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომ სახელმწიფოებს.
ჩემი სამშობლო - საქართველო - საუკუნეებია მწვავე დესპოტიზმს და აუტანელ შევიწროებას განიცდის რუსეთისგან. რუსეთის სახელმწიფო მუდმივად თვლის თავის თავს ჩვენს ბატონად, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გვთვლის თუ არა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მსოფლიო საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რუსეთი თავის საკუთრებად მიგვიჩნევს და ჩვენს დასამორჩილებლად არ იშურებს არც პროპაგანდას, არც ტყვიას, რისი მტკიცებულებაცაა აფხაზეთის და სამაჩაბლოს (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) კონფლიქტები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.
ჩვენი მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი და არის რუსეთის ნაცვალი საქართველოში, მუდმივად უმტკიცებს ქართველ ერს და მსოფლიო საზოგადოებას, რომ იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობას და სუვერენიტეტს გარე ძალებისგან, მაგრამ უბედურება ის არის, რომ გარე ძალებად მიიჩნევს კულტურულ ცივილიზებულ სამყაროს - ევროპას, ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს. თქვენ, ჩვენი ქვეყნის მეგობრები, საქართველოს მთავრობის მიერ მტრებად ხართ მიჩნეული, ხოლო ისტორიულად და ფაქტობრივად საქართველოს მოძულე, მჩაგვრელი და მოუშორებელი მტერი რუსეთი მიჩნეულია მოყვარედ. დემოკრატია გაანადგურეს, არჩევნები, სამართალი და სასამართლო მოსპეს და ისეთი სამართალი შექმნეს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან.
"მართალია, ლამობენ, შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს საქართველოს ხალხი, მაგრამ, რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება” (კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია).
რუსეთს „ქართული ოცნების” ხელით ქართველი ერი მიჰყავს ფიზიკურ, კულტურულ და სულიერ გადაშენებამდე. ხალხი კვნესის, ერი გმინავს, ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლითა და ძვლებით გაპოხიერებულმიწას, ხალხის დიდი ნაწილი გაღატაკებულია, მაგრამ ერის მიერ გამოხატული ნებისმიერი პროტესტი უშედეგოა. პროტესტი უწყვეტად გრძელდება, მაგრამ მრავალჯერ დაუნდობლად სისხლით ჩაახშვეს, ახალგაზრდებს თვალები დათხარეს, გაზით მოწამლეს, ფეხით გათელეს. ციხეში იმყოფებიან უსამართლოდ დასჯილი ახალგაზრდები, ჟურნალისტები, პოლიტიკური ლიდერები. ჩემი ხალხი კვლავ იბრძვის, პროტესტი გრძელდება.
ამგვარ პირობებში ჩემს მოვალეობად ვრაცხ, კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ განვიხილავ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმებს, მაგრამ არ შემიძლია, არ ვისურვო ჩემი ერის რუსული აგრესიისგან და ხელისუფლების მხრივ უზომო ჩაგვრისა და უსამართლობისგან გათავისუფლება, რაშიც თქვენ, ჩვენი ქვეყნის უანგარო მეგობრებს, შეგიძლიათ დიდად დაგვეხმაროთ.
გთხოვთ, ინებოთ და დაგვეხმაროთ თქვენთვის შესაძლებელი ყველა საშუალებით, რათა საქართველო გათავისუფლდეს რუსული აგრესიისგან და დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას.
თქვენთვის და ყველა სამართლიანი ადამიანისთვის მლოცველი არქიმანდრიტი დოროთე(ყურაშვილი)", - აღნიშნულია ღია წერილში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს