Logo

არმაზ ახვლედიანი - რიჟვაძეს სრულად და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და თქვას სიმართლე, თუ გაბედავს, ამის იმედი არ მაქვს

პოლიტიკა
139
Frontnews image description

თუ რიჟვაძე სიმართლეს იტყვის, სხვაგვარად გაისტუმრებენ იმქვეყნად, გაუსტუმრებიათ სხვებიც და გაისტუმრებენ კიდეც, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ აქვს იმედი, რომ თორნიკე რიჟვაძე სიმართლის თქმას გაბედავს.

"საუბედუროდ, ჩვენ ვერ მოვუარეთ და ვერ გადავარჩინეთ ბათუმი. ივანიშვილის წარუმატებელი ექსპერიმენტი აჭარაში დაიწყო მისი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ეს შემიძლია დაზუსტებით ვთქვა. მე ამის მომსწრე და მოწმე ვარ, მაშინ არ ვიყავი "ოცნების" შემადგენლობაში, ვიყავი მხარდამჭერი და როგორც კი ივანიშვილმა პირველი ექსპერიმენტი ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ სრულიად წარუმატებელია აჭარაში, მიიყვანა თავისი ბანკიდან მთავრობის ხელმძღვანელი და დაიწყო და აღარ დასრულდა აღებმიცემობა, დაიწყო და აღარ დასრულდა ბათუმის ჩაბეტონება და მოსპობა. ვინ აგებს ამაზე პასუხს? - ბათუმელებმა კარგად ვიცით, ვისი რა ხელია ამაში, ვინ რა დააშავა, ვინ მოითბო ხელი.

მან მე მაშინ შემომთავაზა ვყოფილიყავი აჭარაში მთავრობის ხელმძღვანელი. მაშინ მე პირდაპირ ვკითხე - რა პირობით იქნებოდა ეს. როგორც აღმოჩნდა, არც მისთვის და არც მისი გარემოცვისთვის არ იყო მისაღები, რომ იქ ყოფილიყო ადამიანი, ვინც სისტემის შიგნით საჭირო დროს იტყოდა არას, ვინც წინ აღუდგებოდა ამ უკანონო აღვირახსნილობას.

ჩადით, ივანიშვილო, კობახიძევ და თქვენი მთავრობის წევრებო, ნახეთ, რა დაემართა ამ ქალაქს თქვენს ხელში. ამაზე პასუხს თქვენ აგებთ და ყველა, ვინც ხელი მოითბო, ყველა ბიზნესმენი. ბათუმის დანგრევის ხარჯზე თქვენ გამდიდრდით.

რაც შეეხება რიჟვაძის ამბავს, მე მას სრულად და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და თქვას სიმართლე, თუ გაბედავს. ამის იმედი არ მაქვს. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს განსაკუთრებულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან "ოცნების" სახით. თუ რიჟვაძე სიმართლეს იტყვის, სხვაგვარად გაისტუმრებენ იმქვეყნად, გაუსტუმრებიათ სხვებიც და გაისტუმრებენ კიდეც", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

Advertisement