აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი ჯიმი კარტერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის გარდაცვალება მისმა შვილმა დაადასტურა. ცნობილია, რომ ჯიმი კარტერი კვირას ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინზში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ბოლო წლებში ის მკურნალობდა მელანომის აგრესიულ ფორმას, კანის კიბოს, რომელიც ღვიძლსა და ტვინზეც გავრცელდა.
2023 წლის თებერვლის კარტერის ცენტრმა განცხადება გაავრცელა, რომ ჰოსპიტალიზაციის სერიის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი შეწყვეტდა შემდგომ მკურნალობას და დარჩენილ დროს პალიატიური ზრუნვის პირობებში გაატარებდა.
მისი მეუღლე როზალინი ერთი წლით ადრე, 19 ნოემბერს, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ისინი იყვნენ ახლო პარტნიორები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ქორწინებაში კი 77 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რაც ყველაზე გრძელი საპრეზიდენტო ქორწინება აღმოჩნდა აშშ-ის ისტორიაში. პრეზიდენტის ბოლო საჯარო გამოჩენა იყო მეუღლის დაკრძალვაზე, სადაც ის წინა რიგში იჯდა ინვალიდის ეტლში.
კარტერი აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას 1977-1981 წლებში იკავებდა. მისი პრეზიდენტობის წლებს იხსენებენ ღირსების დაბრუნების ძალისხმევად თეთრი სახლისთვის, უოტერგეიტის სკანდალის და ვიეტნამის ომის შემდეგ.
არაეფექტური ეკონომიკური პოლიტიკისა და ირანის მძევლების კრიზისის არანაყოფიერი მენეჯმენტის გამო (1979-81 წლებში, 444 დღის განმავლობაში ირანში აშშ-ის 54 მოქალაქე და დიპლომატი მძევლებად ჰყავდათ აყვანილი), 1981 წელს ჯიმი კარტერმა არჩევნები აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატთან რონალდ რეიგანთან წააგო.
ჯიმი კარტერმა აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტებს შორის ყველაზე დიდხანს იცოცხლა.
თაგები:
ჯიმი კარტერი