Logo

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიშში საქართველოზეც არის საუბარი 

პოლიტიკა
292
Frontnews image description

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

"მოქალაქეების, ჟურნალისტების და სხვა პირების მიმართ ფიზიკური თავდასხმების, დაშინებისა და ძალადობის მუქარის, იძულებისა და შევიწროების შესახებ ცნობები მთელი წელი განუწყვეტლივ ვრცელდებოდა. ასეთ შემთხვევებში ასევე არ არსებობდა ანგარიშვალდებულება 7 დეკემბერს, 30-ზე მეტი „ტიტუშკა“ (უცნობი თავდამსხმელები, რომლებიც, როგორც წესი, მთლიანად შავებში იყვნენ გამოწყობილები და სახეები დაფარული ჰქონდათ) ფიზიკურად გაუსწორდნენ მომიტინგეებს, შემდეგ კი თავს დაესხნენ "ტვ პირველის" ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორ გიორგი შეწირულს, რომლებიც მათ ვიდეოებს იღებდნენ. ჩიხლაძის და შეწირულის ცემის შემდეგ, მათ შეწირულის ყველა ნივთი წაართვეს. ჩიხლაძის და თვითმხილველების თქმით, ახლოს მდგომმა საპატრულო პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა და არ ჩაერია თავდასხმის შესაჩერებლად.

ჟურნალისტებმა და აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მიიღეს შევიწროების და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები და იყო ვანდალიზმის შემთხვევები მათი სახლებისა და ოფისების მიმართ, მათ შორის შეურაცხმყოფელი პლაკატების გამოფენისა და სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევები. მთავრობამ გამოიძია ამ მოვლენებთან დაკავშირებული მოქალაქეების ტელეფონის ნომრებზე არაავტორიზებული წვდომა. მედია ომბუდსმენმა გამოავლინა უფლებების დარღვევისა და შეზღუდვების 15 შემთხვევა 15 ჟურნალისტთან დაკავშირებით, რომლებიც აშუქებდნენ პარლამენტის წინ და მის გარშემო მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

რამდენიმე საერთაშორისო მედიამონიტორმა, მედია ომბუდსმენთან და ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმასთან ერთად, 26 ოქტომბრის არჩევნების დროს მედიის თავისუფლების მინიმუმ 30 დარღვევის შესახებ განაცხადა, მათ შორის აღჭურვილობის დაზიანება, სიტყვიერი ან ფიზიკური თავდასხმები და დაშინება. მთავრობას წლის ბოლოსთვის ეს ცნობები არ გამოუძიებია. მედიაორგანიზაციები კვლავ გამოხატავდნენ შეშფოთებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო, რომელმაც შეუმსუბუქა სასჯელი 2021 წელს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში პასუხისმგებელ პირებს, რომლებსაც 16 ნოემბერს ამნისტია შეეხოთ მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონპროექტის საფუძველზე. ამ თავდასხმების არცერთი ორგანიზატორისთვის ბრალი არ წაუყენებიათ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

Advertisement