“აუცილებელია შეთანხმების განხორციელების პროცესში აქტიურად იყოს ჩართული ევროპარლამენტი”

ავტორი
Front News საქართველო
"ლელოს" ლიდერები – მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ევროპარლამენტარებს ბრიუსელში ხვდებიან.
მათი განცხადებით, შარლ მიშელის ინიციატივით დადებული ხელშეკრულების აღსრულებაში, ევროპარლამენტი აქტიურად უნდა ჩაერთოს.
"აუცილებელია ამ დოკუმენტის განხორციელების პროცესში ჩართული იყოს ევროპარლამენტი, მისი წევრები აქტიურად, იმისთვის, რომ სრულად განხორციელდეს ყველა ის პუნქტი, ყველა ის რეფორმა, რომელიც გათვალისწინებულია ამ დოკუმენტით. ამავდროულად ვისაუბრეთ იმაზე, რომ ძალიან სწრაფად უნდა გადაწყდეს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების საკითხი. რაც შეიძლება მალე უნდა მოიძებნოს მექანიზმი, რომელიც იქნება მისაღები. რა თქმა უნდა, ამნისტიის კანონზეც გვქონდა საუბარი, რომელიც საბოლოო ჯამში, ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმია, მაგრამ ახლა დაუყონებლივ გათავისუფლების მექანიზმი უნდა მოიძებნოს, რომელიც გადაწყვეტს ამ პრობლემას და მელია გათავისუფლდება უახლოესს პერიოდში. ამ საკითხის მოგვარებაში კი ევროპარალამენტმა თავისი როლი უნდა ითამაშოს"- განაცხადა "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხი ახლა ერთ-ერთი მთავარია.
"მეორე საკითხი იყო ის შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ მიშელის პატრონაჟით შეიქმნა და შედგა, თუმცა თქვენ იცით, რომ არის საკითხი, სადაც მელიას საკითხია ახლა ერთ-ერთი მთავარი, რომ ეს კრიზისი არ გაიწელოს. მე ეჭვს გამოვთქვამ, რომ თუ კრიზისი გაიწელა და ვერ მოხდა სწრაფი შეთანხმება, იგივე კანონის მიღება გაიწელა დროში და ა.შ, ჩვენ ვერ გადავალთ იმ ძირითადი პუნქტების შესრულებაზე, რომელიც ხელშეკრულებაში გვაქვს აღებული მხარეებს, ამიტომ აქაც საკმაოდ საინტერესო წინადადება ჩამოყალიბდა. უახლოესს ერთ დღეში, ჩვენ, "ლელოს" გვექნება კონკრეტული ხედვა ამასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებთან ერთად და შეიძლება ეს იყოს ღირსეული გამოსავალი ყველა მხარისათვის, რომ გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე და დავიწყოთ იმ კანონმდებლობების შექმნა, რომელიც ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას", – განაცხადა "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
თაგები:





