Logo

ავთანდილ წულაძე - გამორიცხულია, ჩინეთმა რაიმე მედიატორის როლი იკისროს რუსეთსა და ამერიკას შორის, ან უკრაინის ომის დასრულებაში შეიტანოს წვლილი

ინტერვიუ
53
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პეკინში ვიზიტი და მისი მოლაპარაკებები სი ძინპინთან გლობალური დღის წესრიგის ცენტრალურ მოვლენად იქცა. საერთაშორისო ანალიტიკოსი ავთანდილ წულაძე Front News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მიუხედავად ტრადიციული "ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ რიტორიკისა, მხარეებს შორის სავაჭრო ომის ესკალაცია აღარ მოხდება, თუმცა ვაშინგტონსა და პეკინს შორის ფუნდამენტური გეოპოლიტიკური დაპირისპირება უცვლელი რჩება. ანალიტიკოსის შეფასებით, ჩინეთი დასავლეთის დროებითი სისუსტით სარგებლობს, რათა ცივი ომის მსგავსი ბიპოლარული სისტემა ჩამოაყალიბოს, სადაც უპირატესობა თავად ექნება, ხოლო მთავარი ფარული შეთანხმება ლიდერებს შორის არა გეოპოლიტიკას, არამედ ხელოვნური ინტელექტის სფეროში გავლენების გადანაწილებას შეეხო. ამასთანავე, ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების გასაღები ამჟამად ახლო აღმოსავლეთში დევს და გლობალური გარდატეხა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო ტრამპის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

- დონალდ ტრამპის პეკინში გაკეთებული განცხადებები, ერთი მხრივ, ტრადიციულ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ (America First) რიტორიკას ეფუძნება, თუმცა, მეორე მხრივ, ჩინეთთან კომპრომისების ძიებაზეც მიანიშნებს. თქვენი აზრით, რა არის ამ მოლაპარაკებების მთავარი მიზანი, ეს არის ახალი „სავაჭრო ომის“ პრევენცია თუ გლობალური გავლენების სრულიად ახალი გადანაწილება და რა კონკრეტულ გარდატეხას უნდა ველოდოთ მსოფლიო ეკონომიკაში?

- დიდი ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა პოზიტიური ის არის, რომ სავაჭრო ომის ესკალაცია ამერიკასა და ჩინეთს შორის აღარ იქნება. ამ მხრივ მოხდა მოლაპარაკება, რომ ჩვენ ვრჩებით კონკურენტებად, მაგრამ იმ სფეროებში, სადაც ორივე მხარე დაინტერესებულია, უნდა ვითანამშრომლოთ. სი ძინპინის თქმით, მსოფლიოში ორი ზესახელმწიფოა - ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ორი ქვეყანა ცდილობს ბიპოლარული სისტემის ჩამოყალიბებას, როგორიც ცივი ომის დროს იყო. ეს მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ადრე ჩინეთი მულტიპოლარული (მრავალპოლუსიანი) სისტემის მომხრე იყო, რადგან ამერიკისა და ევროპის დასუსტება აწყობდა. ახლა კი, როდესაც ჩინეთის ლიდერის აზრით, დასავლეთი სუსტია და ამერიკასა და ევროპას შორის განხეთქილებაა, ჩინეთი სარგებლობს მომენტით, რათა ჩამოაყალიბოს ბიპოლარული სისტემა, რომელშიც სი ძინპინი თვლის, რომ უპირატესობა ჩინეთს ექნება.

ჩემი აზრით, აქ მთავარი ის არის, რომ ტრამპმა ჩინეთში ბიზნესმენების დიდი დელეგაცია ჩაიყვანა. ესენი არიან მაღალი ტექნოლოგიების, ძირითადად ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სფეროების წარმომადგენლები. ამერიკა და ჩინეთი ამ სფეროში ორი უდიდესი მონოპოლიაა. ხელოვნური ინტელექტის განვითარება იქნება მომავლის მთავარი ტექნოლოგია და განვითარების რესურსი. ამ სფეროში, როგორც ჩანს, გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს, რომლებიც გაჟღერებული არ არის. ამ მიმართულებით გავლენის სფეროების გადანაწილება მოხდება.

- ამ ეტაპზე რადიკალურად განსხვავდება ორივე ქვეყნის ინტერესები: ვაშინგტონი ითხოვს სავაჭრო დისბალანსის შემცირებას და ჩინური ტექნოლოგიების ექსპანსიის შეზღუდვას, ხოლო პეკინისთვის პრიორიტეტი ეკონომიკური სტაბილურობა, ტაივანის საკითხზე წითელი ხაზების შენარჩუნება და მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგია. რამდენად არსებობს რესურსი იმისა, რომ ტრამპმა და სი ძინპინმა ამ ფუნდამენტურ წინააღმდეგობებში საერთო ენა გამონახონ?

- რაც შეეხება გეოპოლიტიკურ საკითხებს, აქ სიტუაცია ისეთივე რჩება, როგორიც იყო. ტრამპი ვერ წავა დათმობაზე ტაივანის საკითხზე, თავის მხრივ კი ჩინეთიც ვერ დათმობს საკუთარ პოზიციებს. სი ძინპინი და ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მაგრამ ამაში განსაკუთრებული არაფერია. ჩინეთი ადრეც არ იყო იმის მომხრე, რომ ირანს ბირთვული იარაღი ჰქონოდა. ჰორმუზის სრუტის კრიზისს რაც შეეხება, სი ძინპინი დაჰპირდა ტრამპს, რომ ირანს იარაღს არ მიაწვდის, თუმცა არავინ იცის, შეასრულებს თუ არა ამ პირობას. ჩემი აზრით, ჩინეთი ცდილობს ამერიკის ჩიხში შესული პოლიტიკა საკუთარი გეოპოლიტიკური პოზიციების გასაძლიერებლად გამოიყენოს. იგივე ეხება უკრაინის ომსაც და მგონია, რომ ჩინეთის პოზიციები არ შეიცვლება.

- დასავლური მედია აქტიურად წერს, რომ ტრამპი სი ძინპინთან შეხვედრაზე აუცილებლად დააყენებდა უკრაინის ომის საკითხს, განსაკუთრებით ჩინეთის მიერ რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდების კონტექსტში. როგორ ფიქრობთ, რამდენად შეძლო ტრამპმა პეკინზე ზეწოლის მოხდენა, რათა ჩინეთმა შეამციროს მოსკოვის მხარდაჭერა და განიხილებოდა თუ არა კონკრეტული "სამშვიდობო გეგმა“, რომელსაც ტრამპი ასე აქტიურად აანონსებს?

- ტრამპს ჰქონდა იმის იმედი, რომ სი ძინპინს რუსეთთან შუამავლად გამოიყენებდა და უკრაინის ჩიხში შესულ პროცესებს როგორღაც მოაგვარებდა, მაგრამ ეს რეალობა არ აღმოჩნდა. ჩინეთის თვალსაზრისით, ეს კრიზისები დასავლეთს ასუსტებს და მათ გეოპოლიტიკურ პოზიციებს აძლიერებს. ამიტომ, რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება ამ სფეროებში, მით უკეთესია ჩინეთისთვის. როგორც აღვნიშნე, შეთანხმება ამ ეტაპზე მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებით მოხდა, რაც ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ტრამპი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი ამერიკის განვითარების მთავარი ბერკეტია. გეოპოლიტიკური სიტუაცია კი დიდად არ შეიცვლება.

- ირანის საკითხი ვაშინგტონისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ჩინეთი კი ირანული ნავთობის უმსხვილესი მყიდველი და თეირანის ეკონომიკური საყრდენია. იყო თუ არა ეს თემა განხილული ლიდერების შეხვედრაზე და რამდენად რეალურია, რომ ტრამპმა ჩინეთისგან მიიღოს გარანტიები ირანზე ეკონომიკური გავლენის ბერკეტების გამოყენების თაობაზე ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის შესაჩერებლად?

- რაც შეეხება ნავთობს, ტრამპმა გამოაცხადა, რომ ჩინეთი ამერიკულ ნავთობს ყიდულობს, რათა ირანული ჩაანაცვლოს. ამიტომ ამერიკულ ბიზნესს ეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი ნამდვილად აწყობს. თუმცა ქვეყანას არ აწყობს, რადგან ეს ამერიკაში ინფლაციასა და მაღალ ფასებს იწვევს. ასე რომ, ჩინეთს ისევ და ისევ გლობალურად დასავლეთის დასუსტება აწყობს. ვხედავთ, რომ ამ კრიზისის ფონზე ევროპის ეკონომიკა სუსტდება. ამერიკის ეკონომიკაც რთულ სიტუაციაშია. ასევე, ომის ფონზე, არც რუსეთს ულხინს. ამიტომ ჩინეთისთვის ახლა ძალიან ხელსაყრელი სიტუაციაა - მეტოქეების დასუსტების ფონზე საკუთარ შესაძლებლობებს უფრო ზრდის და ამას ბერკეტად იყენებს.

- ტრამპის წასვლის შემდეგ ჩინეთში დაუყოვნებლივ ელიან ვლადიმერ პუტინის ვიზიტს. რუსული მედია ამას წარმოაჩენს, როგორც მოსკოვისა და პეკინის „ურყევ სტრატეგიულ პარტნიორობას“, რომელიც დასავლეთის ბლოკს უპირისპირდება. ხომ არ მიანიშნებს ლიდერების ასეთი გრაფიკი იმაზე, რომ სი ძინპინი ცდილობს ერთგვარი "მედიატორის“ როლი ითამაშოს აშშ-სა და რუსეთს შორის, თუ ჩინეთი საბოლოოდ ირჩევს მოსკოვის ბანაკს? ან როგორც თქვენ აღნიშნეთ, ყველას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს?

- რაც შეეხება სიტუაციას რუსეთში, იქ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა. რუსეთს აინტერესებს ჩინეთიდან მიღებული ეკონომიკური დახმარება. თუმცა ჩინეთი არ არის დაინტერესებული, რომ რუსეთი ამ კრიზისიდან გამოვიდეს. თუ რუსეთი ამ კრიზისიდან გამოვა, ის ისევ გაძლიერდება. ჩინეთს ეს არ აწყობს, რადგან ისტორიულად რუსეთი მისი გეოპოლიტიკური კონკურენტია. რა თქმა უნდა, ამ სამიტის დროს და სი ძინპინთან შეხვედრაზე რაიმე ხელჩასაჭიდ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს არ უნდა ველოდოთ. ჩინეთის მიზანი კვლავ არის ის, რომ არ დაკარგოს რუსეთზე კონტროლი. რუსეთის ელიტების ნაწილი ტრამპთან გარიგების მომხრეა. რა თქმა უნდა, ჩინეთისთვის ეს დაუშვებელი ვარიანტია. აი, სწორედ ამაზე იქნება საუბარი, რომ არ დაუშვან რუსეთისა და ამერიკის დაახლოება. გამორიცხულია, რომ ჩინეთმა რაიმე მედიატორის როლი იკისროს რუსეთსა და ამერიკას შორის, ან უკრაინის ომის დასრულებაში შეიტანოს წვლილი.

- მაშინ რა გამოსავალს შესაძლოა, მიაგნოს ამერიკამ უკრაინის ომთან დაკავშირებით? ელით, რომ ტრამპი რუსეთზე სანქციების პოლიტიკას კიდევ უფრო გააძლიერებს, თუ უკრაინაზე დაიწყებს ზეწოლას, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან გარკვეულ დათმობებზე წავიდეს?

- ამერიკისთვის ახლა მთავარი მაინც ირანის პრობლემაა. ახლა მთავარი საკითხი ის არის, დაიწყებს თუ არა ტრამპი ირანში ომის მეორე ფაზას. ივნისში ამერიკის დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღია (250 წლისთავი) და ივლისამდე უნდა გადაწყვიტოს ირანის პრობლემა. ახლა ტრამპისთვის მნიშვნელოვანია ბირთვული იარაღის პრობლემის გადაჭრა. მას ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა იმდენად არ აწუხებს, რამდენადაც ირანის ბირთვული პროგრამა. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ ტრამპი იძულებული გახდეს, ომის მეორე ფაზა დაიწყოს.

რაც შეეხება უკრაინის ომს, მე არ ველი, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით რამე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. პირიქით, ველი, რომ რუსეთი გაზაფხულისთვის შეტევის ახალ ტალღას ამზადებს. უკრაინის ომის საკითხი შესაძლოა, მაშინ დაიძრას, თუ ირანის პრობლემა გადაწყდა. თუკი ირანში ისე მოხდება, რომ ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი დაემხობა და ცვლილება განხორციელდება, მაშინ რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან მხარდამჭერსა და მოკავშირეს დაკარგავს. ასეთ შემთხვევაში, რუსეთი იძულებული იქნება უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. ამიტომ, ბევრი რამ ახლა ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული.

ელზა პაპოშვილი

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები