Logo

ბადრი კოჭლამაზაშვილი – სააკაშვილი პოლიტიკურ მიმომხილველად არავის მოუწვევია, ბრალდებულის სტატუსი აქვს

პოლიტიკა
1367
Frontnews image description

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს სიტყვა არ დაასრულებინეს და სიგნალი გათიშეს.

 

როგორც მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი გასცდა განსახილველი საქმის ფარგლებს და არ დაექვემდებარა მოსამართლის მოწოდებებს. 

 

“მას არ უთქვამს, ვასრულებ გამოსვლასო, გავთიშეთ, რადგან სხვა შესაძლებლობა არ არის. დარბაზში რომ ყოფილიყო, გაგრძელდებოდა ჩვეულებრივად. ის არ დაექვემდებარა მოსამართლის არაერთგზის მოწოდებას, რომ შეეწყვიტა საუბარი და დაესრულებინა. ეს არის განცხადება და არა პოლიტიკური ამბების მიმოხილვა. ბრალდებულს, ყველა სასამართლო სხდომის მსგავსად, დღესაც მიეცა განცხადების გაკეთების შესაძლებლობა, სასამართლო მას 13-14 წუთი უსმენდა, ამ ხნის განმავლობაში, განცხადების გაკეთების საწყის ეტაპზევე მიეცა განმარტება, რომ საქმის ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა და წარდგენილი ბრალდების გარშემო ესაუბრა, თუმცა მას თავიდანვე ჰქონდა განწყობა, რომ ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება, განსახილველ საქმეს ეხება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

 

აქედან გამომდინარე, მას არაერთგგზის მიეცა მითითება, რომ დაესრულებინა ან შეეცვალა საუბარი, განსახილველი საქმის ფარგლებში მოექცია, თუმცა ის არ დაემორჩილა მოსამართლის მოწოდებას. სასამართლოს აქვს უფლება, შეაჩეროს ბრალდებული, როცა ის გასცდება იმ საკითხებს, რაც განსახილველ საქმეს ეხება. თქვენ გაქვთ პოზიცია, რომ ბრალდებულს შეუძლია, ისაუბროს უსასრულოდ? ვისაუბროთ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობის საკითხზეც? პოლიტიკური მდგენელი თუ აქვს ამ საქმეს, ისევ ამ საქმის ფარგლებში ეტევა საუბარი და მას შეუძლია, ისაუბროს, ამის თაობაზე არ შეგვიზღუდავს, მაგრამ თუ ის ეხება გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს, ის პოლიტიკურ მიმომხილველად არავის მოუწვევია, მას აქვს ბრალდებულის სტატუსი“, – განაცხადა კოჭლამაზაშვილმა.

 

სააკაშვილის სიტყვის შეწყვეტას სასამართლო დარბაზში პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც სხდომა ყველა დამსწრეს დაატოვებინეს. მანამდე მესამე პრეზიდენტის სიტყვის დროს, მოსამართლის მითითებით, მანდატურებმა სხდომა დაატოვებინეს დარეჯან ცხვიტარიასაც.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები