Logo

ბაიდენი – ეს არის მკაფიო შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ პუტინის მიზნები არ შეცვლილა, ის აუცილებლად უნდა შეჩერდეს

უკრაინა
29.12.2023 / 23:37
Frontnews image description

ეს დღე არის მკაფიო შეხსენება მსოფლიოსთვის, რომ ამ დამანგრეველი ომის თითქმის ორი წლის შემდეგ, პუტინის მიზანი უცვლელი რჩება. ის ცდილობს გაანადგუროს უკრაინა და დაიმორჩილოს მისი ხალხი, ის აუცილებლად უნდა შეჩერდეს, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაზე რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების მასიურ თავდასხმას, რომელიც 29 დეკემბრის ღამეს დაიწყო და მთელი დღე გაგრძელდა.

 

“ამერიკელ ხალხს შეუძლია იამაყოს იმ სიცოცხლეებით, რომლის გადარჩენაშიც ჩვენ დავეხმარეთ და იმ მხარდაჭერით, რომელიც ჩვენ გავუწიეთ უკრაინას, როდესაც ის იცავს თავის ხალხს, მის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, მაგრამ თუ კონგრესი არ მიიღებს გადაუდებელ ზომებს ახალ წელს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის დასაცავად. კონგრესმა უნდა იმოქმედოს შემდგომი შეფერხების გარეშე“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

მისი თქმით, ამ ბრძოლაში ფსონები სცილდება უკრაინის ფარგლებს და გავლენას ახდენს ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკზე, ევროპის უსაფრთხოებასა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე.

 

”პუტინი არა მხოლოდ უკრაინის განადგურებას ცდილობდა, არამედ ის ასევე დაემუქრა ნატოს ზოგიერთ ჩვენს მოკავშირეს. როდესაც დიქტატორებს და ავტოკრატებს ნებას რთავენ ევროპაში უხეშად იმოქმედონ, იზრდება რისკი, რომ შეერთებული შტატები უშუალოდ ჩაერთვება ამ სიტუაციაში. და შედეგები აისახება მთელ მსოფლიოზე. სწორედ ამიტომ შეერთებულმა შტატებმა შეკრიბა 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია უკრაინის დაცვის მხარდასაჭერად. ჩვენ არ შეგვიძლია იმედი გავუცრუოთ ჩვენს მოკავშირეებს და პარტნიორებს, ჩვენ არ შეგვიძლია იმედი გავუცრუოთ უკრაინას, ისტორია მკაცრად განსჯის მათ, ვინც ვერ პასუხობს თავისუფლების გამოწვევებს“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

უკრაინაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულია 30 ადამიანი, დაშავებულია 160-ზე მეტი. ყველაზე მეტი გარდაცვლილი კიევის შევჩენკოს რაიონშია, სადაც ნანგრევებიდან ცხრა ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. რვა ადამიანია დაღუპული ზაპოროჟიეში, დაშავდა 13.

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის ვალერი ზალუჟნის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ღამის განმავლობაში 158 ერთეული რაკეტა და დრონი გამოიყენეს, მათგან 87 ფრთოსანი რაკეტა და 27 დრონი თავდაცვითმა სისტემამ გაანადგურა.

თაგები:

ჯო ბაიდენი
Advertisement