Logo

ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვენ

უკრაინა
531
Frontnews image description

ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებენ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დანაშაულების გამოსაძიებლად უკრაინას სპეციალური ტრიბუნალის შექმნაში დაეხმარონ, – ამის შესახებ სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

 

“წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომლის დაცვასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ, ვერ გადარჩება, თუ არსებობს დაუსჯელობა ამ წესრიგის ყველაზე აშკარა დარღვევებზე – გენოციდი, ომის დანაშაულები, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და აგრესიის დანაშაულები.

 

რუსეთის ბოლოდროინდელი მიზანმიმართული დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებზე, სკოლებსა და საბავშვო მოედნებზე, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე უკრაინის მასშტაბით, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული ტერორისტული კამპანიის მხოლოდ უახლესი ეპიზოდია.

 

რადგან რუსეთის სასტიკი თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის საშინელ დანაშაულებზე სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის ძიება იყოს ჩვენი პოლიტიკის ცენტრში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მინისტრები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინისა და რიგი სხვა სახელმწიფოების, ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ჩატარებული გამოძიებების მხარდაჭერა.

 

“ჯერჯერობით არ არსებობს საერთაშორისო სასამართლო ან ტრიბუნალი, რომელიც პასუხისმგებაში მისცემს რუსეთის უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის ჩადენისთვის. იმისთვის, რომ შეივსოს ეს იურისდიქციული ხარვეზი, აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულების დასასჯელად. 

 

სპეციალური ტრიბუნალის მთავარი პასუხისმგებლობა იქნება აგრესიის დანაშაული, რადგან ამ სასიკვდილო აგრესიის დამგეგმავები, წამქეზებლები და ხელშემწყობები ვერ უნდა გაექცნენ სამართლიანობას საერთაშორისო სისხლის სამართლის იურისდიქციაში არსებული ხარვეზის გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

თაგები:

უკრაინა
Advertisement