
ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა სამშვიდობო სწავლების ცენტრი - „მშვიდობის მშენებლობის ახალგაზრდული პლატფორმა“, რომელიც სტუდენტებს, კონფლიქტების კვლევის, ისტორიული ფაქტებისა და თანამედროვე პროცესების შესწავლის შესაძლებლობებს მისცემს.
გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე გიორგი ვოლსკისთან ერთად, მიიღო.
სტუმრებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ტიტე აროშიძემ უმასპინძლა და ცენტრის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
“დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან არსებული კავშირებისა და მშვიდობის პროცესების გაძლიერების კუთხით ცენტრის ფუნქციონირება განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებისა და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის მყარ ფუნდამენტს განათლებული მომავალი თაობა ქმნის. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უნივერსიტეტებისა და აკადემიური წრეების პოტენციალი. სამშვიდობო განათლების მეშვეობით, მჯერა, შევძლებთ კავშირების გაფართოებას და ნდობის აღდგენას, რაც ჩვენი ქვეყნის გაერთიანების მნიშვნელოვანი წინაპირობაა”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეების თემატური ნახატების გამოფენა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენა.
ცენტრის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამშვიდობო სწავლების ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთან - პროგრამებში ჩართულნი იქნებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი მკვლევრები და ექსპერტები. სწორედ მათი მონაწილეობით დაგეგმილია ტრენინგების, სემინარების, კვლევითი პროექტების, საჯარო დისკუსიებისა და ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელება.
სამშვიდობო სწავლების ცენტრი უკვე ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთის, სოხუმისა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.
ცენტრის მიზანია, სტუდენტებსა და ახალგაზრდებს შესთავაზოს აკადემიური და პრაქტიკული შესაძლებლობები მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტების ანალიზის, დიალოგისა და შერიგების მიმართულებით. ცენტრი გააერთიანებს განათლებას, კვლევას და პრაქტიკულ საქმიანობას, ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში.
თაგები:
ბათუმი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს