ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში თანამედროვე სტანდარტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა შენდება. სამუშაოების მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან, აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძესთან და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძესთან ერთად გაეცნო.
ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა სამინისტროსთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ბათუმში მიმდინარე მასშტაბური პროექტი მძლავრი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტდება. ამასთანავე, მინისტრმა აღნიშნა, რომ პარალელურად მიმდინარეობს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც სამედიცინო პერსონალისთვის სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების შესაძლებლობას გააუმჯობესებს.
პროექტის მიმდინარეობას ადგილზე, ასევე, გაეცნენ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის დირექტორი მალხაზ ჟორჟიკაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.
თაგები:
ბათუმი




