Logo

ბექა ბასილაია - როდესაც ამის კეთება უწევს სისტემას, ხვალ ის არ დაინდობს არავის, მიადგება ნებისმიერს, მათ შორის "ქართული ოცნების" მომხრეებს

პოლიტიკა
249
Frontnews image description

ეს არის ფაზა, რომელსაც საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი იყენებდა 20-30-იან წლებში, თუ არსებობდა ადამიანი, იარსებებდა საქმეც, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამბობს - სამართლებრივი დევნა დაიწყება ყველაზე, ვინც მას ოპონირებას გაუწევს.

"ბიძინა ივანიშვილის ხელში პროკურატურა და სასამართლო თავიდან ბოლომდე გადაიქცა აბსურდის თეატრად, აქ არავითარი კანონი და მტკიცებულებების გაგება, საღი აზრის გაგება არ არსებობს. აქ არის უბრალოდ, შეკვეთა და შეკვეთის ბრმა აღსრულება, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, საქმე მტკიცებულებების გარეშეა წარდგენილი და არ არის დასაბუთებული. რა გგონიათ, რა არის საქმეში წარმოდგენილი? - სრულიად არაფერი, გარდა იმისა, რომ გიორგი ვაშაძე, როგორც პოლიტიკოსი საჯარო ეთერებში საუბრობდა და რას გავუწიო ოპონირება, რომ გიორგი ვაშაძე პოლიტიკოსი არაა და ჰქონდა თუ არა მას უფლება, ესაუბრა იმაზე, თუ როგორ ირღვევა საქართველოში კანონი? ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები.

ეს არის ფაზა, როდესაც სიტყვას აქვს აზრი დაკარგული, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პროკურორების პირით აცხადებს - ნებისმიერ ადამიანს, ვინც ოპონირებას მიწევს, სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ იქნება. ეს არის ფაზა, რომელსაც საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი იყენებდა 20-30-იან წლებში. ესენი გვიანი პერიოდის საბჭოთა რეპრესიული მანქანის სტანდარტებსაც ასწრებენ. ისინი ფორმალურ შემადგენლობას მაინც ითვალისწინებდნენ, 20-30-იან წლებში კი მთავარი იყო, რომ არსებობდა ადამიანი და იარსებებდა საქმე. ახლა ვართ მისული ამ ფაზაში, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს ნებისმიერი ფრაზის გამო იჭერენ.

მთელი პრობლემა იმაშია, რომ ხალხი ფიქრობს, რომ ამ პოლიტიკოსებს წაუყენეს ეს ბრალდებები და ჩვენ არ შეგვეხებიანო - არა, ბატონებო, როდესაც ამ ტიპის აბსურდზე დაიყვანება მართლმსაჯულება, როდესაც ამ შეკვეთის შესრულება უწევს პროკურორს, როდესაც ამის კეთება უწევს სისტემას, ხვალ ის არ დაინდობს დედამიწის ზურგზე არავის, ხვალ ეს სისტემა მიადგება ნებისმიერს, მათ შორის "ქართული ოცნების" მომხრეებს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

Advertisement