ბექა ვაჭარაძე - პრემიერის ინიციატივით დამატებით გამოყოფილმა 20 მილიონმა ლარმა მოგვცა შესაძლებლობა, ქალაქში განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები

ავტორი
Front News საქართველო
ფოთში, რეგიონული განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, ინტენსიურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.
პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზაზა კვიციანი, სამინისტროს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია ღლონტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა და ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე.
"აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამატებით გამოყოფილი 20 მილიონი ლარი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა, ქალაქში განვახორციელოთ მასშტაბური და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტები. აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში მიმდინარეობს ნიკოლაძის სანაპიროს განვითარების სამუშაოები, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, შიდა საუბნო სივრცეების განახლება, მინი ტრენაჟორების და ატრაქციონების, ასევე მინი სპორტული მოედნების მოწყობა. პარალელურად ხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გადახურვისა და ფასადების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
მიმდინარე წელს, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ვიწყებთ გამაგრების სამუშაოებს, მათ შორის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას. ჩვენი მიზანია, ეტაპობრივად და სისტემურად გავცეთ პასუხი ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ფოთის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უკავშირდება“, - განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ისეთ პროექტებზე, რომლებიც ქალაქისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, მათ შორის სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია და მაგისტრალური სანიაღვრე არხების მოწესრიგება.





