ბექა ბასილაია – ძალიან მნიშვნელოვანია, სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას საიდუმლო გრიფი


ავტორი
Front News საქართველო
“მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გაასაჯაროოს მიხეილ სააკაშვილის 2013 წელს გამოცემული განკარგულებები, რომელიც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსებას” – ამ მოთხოვნით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშია და მისი უფლებადამცველი ბექა ბასილაია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავენ.
მათი მოთხოვნით, ასევე საიდუმლო გრიფი უნდა მოეხსნას სააკაშვილის შემდგომ პერიოდში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაფინანსების საკითხს, რათა მოხდეს სხვადასხვა პერიოდში გაწეული ხარჯების შედარება.
„პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით ბრალდების წაყენების დღიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულების, შერჩევითი მართლმსაჯულების კლასიკური ნიმუში. შესაბამისად, ამ საქმეს რომ წერტილი დაესვას, ამ ადამიანებმა, საზოგადოებამ, სასამართლომ ნახოს ობიექტური რეალობა, თუ რასთან გვაქვს საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოხსნას საიდუმლო გრიფი და დაცვის მხარეს გადმოგვცეს სასამართლოში წარსადგენად ის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, როდესაც ფინანსთა მინისტრი იყო „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული, როდესაც მთელ სახელისუფლო ვერტიკალს აკონტროლებდა „ქართული ოცნება“, ზუსტად იგივე ხარჯები გაიწეოდა მთელი ერთი წლის განმავლობაში, რისთვისაც თემურ ჯანაშიას აქვს ბრალდება წაყენებული. ეს დოკუმენტები ნიშნავს, რომ თუ ბიძინა ივანიშვილი არ ჩადიოდა ამ ნაწილში დანაშაულს, არ შეიძლება, დანაშაულის ჩადენაში მაშინ ბრალდება ჰქონდეს წარდგენილი ჯანაშიას და მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
თაგები:
