ბექა დავითულიანი – საქართველოს და რუსეთის მთავრობებს შორის მოლაპარაკებები არ ყოფილა

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატის ბექა დავითულიანის განცხადებით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოსა და რუსეთის მთავრობას შორის არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა.
“არანაირი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ ყოფილა, საქართველოსა და რუსეთის მთავრობას შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, ლავროვი ცდილობს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ინსტიტუციების დონეზე მიღებული გადაწყვეტილებები, მაგალითად თვითმფრინავი რომ დაჯდეს, მთავრობებს შორის მოლაპარაკებად გაასაღოს და ამით დააზიანოს საქართველოს მოქმედი მთავრობა, იმიტომ რომ მან იცის, რომ მისი ყოველი პოზიტიური შეფასება საქართველოში არის ნეგატიურად აღქმული და ეს ასეა”, – აცხადებს დავითულიანი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, “როცა დაინახეს, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, საქართველოსთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ”.
“როცა დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო ადამიანების ინტერესებისთვის, რომლებსაც სურთ ერთმანეთთან ურთიერთობა, ერთმანეთთან ჩასვლა, როგორც ტურისტებს, სურთ ბიზნესის კეთება, რომელიც ტრადიციულად აკავშირებდა ჩვენს ეკონომიკურ სისტემებს, ჩვენ შევთანხმდით ბატონი ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე და სავიზო რეჟიმი გავაუქმეთ, ვინაიდან რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი უკვე საკმაოდ დიდი ხანია არსებობდა და ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ გამოიყენა იგი”, – განაცხადა ლავროვმა.
თაგები:
ბექა დავითულიანი




