ბექა ძამაშვილი – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში

ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის მინისტრის მოადგილის ბექა ძამაშვილის განცხადებით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ასახულია 2023 წლის მარტში მათი ექსპერტების კლინიკა „ვივამედში“ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია.
ძამაშვილის თქმით, ანგარიშში რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზეა ყურადღება გამახვილებული.
“პირველ რიგში, აღნიშნულია, რომ არ დაფიქსირებულა პატიმრებზე ძალადობის და არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნაა. ასევე, ექსპერტების შეფასებით, იმ მსჯავრდებულთა უმრავლესობა, რომლებიც მკურნალობას გადიან კლინიკა “ვივამედში“, არიან კმაყოფილი მიღებული სამედიცინო სერვისით და თავად ექსპერტებიც აფიქსირებენ საკუთარ მოსაზრებას, რომ კლინიკა „ვივამედში“ შექმნილია ყველანაირი პირობა, რათა ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწიოთ პატიმრებს. აქ საუბარია როგორც ინფრასტრუქტურაზე, ისე სამედიცინო პერსონალზე და მიწოდებულ სამედიცინო სერვისზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ანგარიში, რამდენადაც იუსტიციის სამინისტროსთვის პატიმრების უფლებების დაცვა და განსაკუთრებით, მათ შორის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ევროსაბჭოს ყველა შესაბამის ორგანოსთან“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტი მესამე პრეზიდენტის საქმეზე დასკვნას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, კლინიკა „ვივამედში“ არსებული მჩაგვრელი და დამამცირებელი გარემო არ უწყობს ხელს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაწესებულებაში პაციენტის პირადი ცხოვრებისა და სამედიცინო კონფიდენციალურობის მიმართ პატივისცემის სრული ნაკლებობაა. კიდევ ერთი ხარვეზი იყო ის, რომ კლინიკას არ ჰყავდა დასაქმებული არც ფსიქიატრი და არც კლინიკური ფსიქოლოგი. კომიტეტი აკრიტიკებს “ვივამედის” კლინიკაში მიღებულ უსაფრთხოების გადაჭარბებულ ზომებსაც, რაც კომიტეტის თქმით, შეუთავსებელია თერაპიისთვის და ასევე აზიანებს ნდობას პაციენტსა და სამედიცინო პერსონალს შორის.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




