ბექა ლილუაშვილი – ასეთი უტიფარი და სულელური განცხადებების გამო ჩვენ ჩვენს გეგმებს არ გადავუხვევთ

ავტორი
Front News საქართველო
მგონია, რომ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს აბსურდული სერიალის სცენარის მოფიქრებაში ეჯიბრებიან, – ამის შესახებ Front News-ს პარტია “საქართველოსათვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გიორგი გახარიას მიმართ გაკეთებული ახალი ბრალდების კომენტირებისას განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, მმართველი პარტიის გაღიზიანება 4 მუნიციპალიტეტში დაკარგულ ერთმმართველობას უკავშირდება.
“ეს ბრალდება შს მინისტრობის პერიოდს უკავშირდება, მგონი, ბიზნესომბუდსმენობის დროსაც გადაწყვდება და იტყვის, რომ მაშინაც კოალიციაში იყო “ნაცმოძრაობასთან”. სინამდვილეში, ამის უკან ძალიან მკაფიოდ იკვეთება ერთი რამ, რომ 4 თვის შექმნილმა პარტიამ მოიახერხა ის, რომ 4 მუნიციპალიტეტში, და მომავალში ამას დაემატება, დარწმუნებული ვარ, ერთპარტიული მმართველობა დაუკარგა “ოცნებას”. ეს არის მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ ჩირქი მოცხონ გახარიას. ამ განცხადებების უკან არაფერია, მგონია, რომ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ერთმანეთს ეჯიბრებიან უკეთესი სცენარის მოფიქრებაში, რაღაც აბსურდული სერიალისთვის”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს განცხადებები გიორგი გახარიას გამოწვევას და მისი “ჩრდილიდან გამოყვანას”, ლილუაშვილი აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, თავიან გეგმებს არ შეცვლიან.
“შესაძლოა, ამის უკან იყოს რაღაც ჩანაფიქრი, თუმცა ასეთი უტიფარი და სულელური განცხადებების გამო ჩვენ ჩვენს გეგმებს არ გადავუხვევთ”, – განაცხადა ლილუაშვილმა.
“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას შს მინისტრობის დროს ჩატარებული საეჭვო სპეცოპერაციების უკან, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობა” იდგა, საიდანაც ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ დაკვეთებს იღებდა.
თაგები:
ბექა ლილუაშვილი




