ბიუროს სხდომა წუთიერი დუმილით გაიხსნა

ავტორი
Front News საქართველო
“რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ძალიან თბილი და მეგობრული კოლეგა ირაკლი ხახუბია. მინდა გთხოვოთ და წუთიერი დუმილით მივაგოთ მის ხსოვნას პატივი“, – განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
დეპუტატებმა ირაკლი ხახუბიას ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.
ხვალინდელ პლენარული სხდომაზე ტრადიციული პოლიტიკური განცხადებები და კანონპროექტების განხილვები არ გაიმართება.
“ოპოზიციასთან და უმრავლესობის ფრაქციასთან გაიმართა კონსულტაციები და ყველა შეთანხმდა, რომ ხვალ ყველა უარს იტყვის პოლიტიკურ განცხადებებზე. სხდომას გავხსნით, შემდეგ დავხურავთ ისე, რომ საკითხების განხილვა და პოლიტიკური განცხადებები არ გვექნება, იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა პატივი მიაგოს ჩვენი კოლეგის ხსოვნას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ხვალინდელ სხდომაზე გათვალისწინებული „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრის მოსმენა ასევე გადადებულია.





