“ბოლო შემთხვევა იყოს, როდესაც ვინმე გაბედავს და დეპუტატს მითითებას მისცემს, როდის იჯდეს სხდომაზე და როდის – არა”

ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს პასუხობს, თუ რატომ არ მიიღო მონაწილეობა განხილვაში, რომელიც სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ეხება.
ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ეს საბჭოთა კანონია.
„მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს. გასაგებია, რომ აქ როლები განაწილებულია, მაგრამ შეგვიძლია სიმართლის დამნახავის როლიც ავირჩიოთ.ზოგჯერ ეგეც შეგვიძლია გავაკეთოთ. ახლა რაშია საქმე, მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს არის 1984 წლის კანონი. სირცხვილია, მათ შორის ყველა მოწვევის პარლამენტის სირცხვილია, რომ დემოკრატიულ საქართველოში საბჭოთა კანონი არსებობს და ალბათ საბჭოთა მენტალობაზე მიუთითებს, რომ დღემდე 1984 წლის კანონით ხდება მოქალაქეებთან ანგარიშსწორება. ამ კანონპროექტს არ ჰქვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, ამას ჰქვია „ქართულ ოცნებას“ ეშინია” კანონი.
ახლა რისი გეშინიათ აგიხსნით. გეშინიათ ხალხის პროტესტის, რომელიც მხოლოდ მოიმატებს, არ მოიკლებს და მათ შორის ეს გაზრდილი სანქციები ვერ შეაშინებთ მოქალაქეებს. მეორე – გეშინიათ, რომ პოლიციელები ჩამოგეშლებიან, რადგან იმ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო და უღირს ბრძანებებს აძლევთ და სამწუხაროდ ბევრი მათგანი ამას ასრულებს, მათ ჰყავთ ოჯახები და გააჩნიათ ღირსება. არავის არ უნდა თქვენ გამო ესროდნენ ტალახს, ეძახდნენ მონას და გეშინიათ, რომ ეს საპოლიციო სისტემა ჩამოგეშლებათ. აი, ამის გეშინიათ, ამიტომ გინდათ ამ კანონპროექტის მიღება. შიში გქვია ამას და არა საკანონმდებლო ცვლილებები.
ახლა ვისაუბროთ სამართლებრივად. კონსტიტუციაში გვიწერია, ვისაც ჯერ არ გინახავთ გირჩევთ, რომ 34-ე მუხლი წაიკითხოთ, ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც ის ემსახურება. რა ლეგიტიმური მიზანი გაქვთ? სტატისტიკის შემცირებას ცდილობთ? განმარტებით ბარათში მარტო ეს წერია, ბოლო წლებში მოიმატაო ამ სამართალდარღვევებმაო. თქვენ რომ სამართალდარღვევას ეძახით, რეალურად ეს არის ადამიანების სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება. აქ გაიჟღერა ევროპის ქვეყნებში როგორ ხდებაო. ევროპის ქვეყნებში სხვანაირი სასამართლოა, ესეც არ დაგვავიწყდეს. 48 საათზე მითითებას რაც შეეხება, არაუმეტეს 48 საათისაო და არა აუცილებლად 48 საათიო. კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ არ დაინტერესდებოდით კომიტეტზე, რომ განიხილავდით ამ საკითხს, სასამართლო პრაქტიკა ამოგეღოთ, რა ხდება. სასამართლოები უსჯიან ამ ადამიანებს ჯარიმებს და ზოგჯერ ციხეს იმისთვის, რასაც აი, ეს დოკუმენტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არქმევს და ეს დოკუმენტი უზენაესია“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ნაცვლიშვილმა შეაფასა ფაქტი, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს პარლამენტში აქციის ფონზე მოუწიათ შესვლა. მისი თქმით, მას, როგორც საჯარო პირს და პოლიტიკოსს აქვს თმენის ვალდებულება.
„მოგეწონათო ის პროტესტი, რითიც შემოხვედით პარლამენტშიო? კი, ძალიან მომეწონა, რადგან ამ ქვეყანაში ყველას, ვისი მომხრეც არ უნდა იყოს ის და ვისი მოწინააღმდეგე, ეს დოკუმენტი იცავს თანასწორად. მე, როგორც საჯარო პირს და პოლიტიკოსს, მაქვს თმენის ვალდებულება, მოვითმინო, მიუხედავად იმისა, მომწონს, თუ არა. თუ ეს არ გაქვთ გააზრებული, ძალიან ცუდია. ამიტომ მოგიწევთ მოითმინოთ, როდესაც დაგიძახებენ მონას, მოგწონთ ეს თუ არ მოგწონთ, ვეთანხმებით ამ გამოთქმას თუ არ ვეთანხმებით“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილმა ასევე ანრი ოხანაშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ არავის აქვს უფლება, მითითება მისცეს დეპუტატს, როდის იყოს პარლამენტში და როდის -არა.
„ბოლო შემთხვევა იყოს, როდესაც ვინმე გაბედავს და თავს უფლებას მისცემს, საქართველოს პარლამენტის არჩეულ დეპუტატს, რომლის მანდატიც არის თავისუფალი, მითითება მისცეს, როდის იჯდეს სხდომაზე და როდის – არა. თქვენ ამის უფლება არ გაქვთ. არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, რომ მიგითითოთ, როდის უნდა ისხდეთ სხდომებზე და როდის რას აკეთებდეთ. ამიტომ ეს არის ძალიან ცუდი, თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია სხვისი კრიტიკით დაკავდეს, თავისუფალი მანდატი შეუზღუდოს და უთხრას, რომ აი, ახლა შენ აქ უნდა იჯდე და სხვა დროს არ უნდა იჯდე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შიშის შეჩერება შეუძლებელია კანონით, კანონი ვერ დაგიცავთ, რადგან მოქალაქეებს აღარ ეშინიათ თქვენი, თქვენ გეშინიათ მათი. გეშინიათ საპოლიციო სისტემის ჩამოქცევის და ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
თაგები:





